მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

კალაძე: სააკაშვილი ცდილობს, შექმნას მითი, რომელიც დემაგოგიაზეა დაფუძნებული

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. კალაძის თქმით, სააკაშვილი მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცდილობს, მითი შექმნას, რომელიც სიცრუესა და დემაგოგიაზეა დაფუძნებული.

”თითქოს ზურაბ ჟვანიას მეუღლე რაღაც თანხებზე საუბრობდა. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ქალბატონი ნინო თვითონ გააკეთებს განცხადებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არის 200%-ით სიცრუე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ეს ადამიანი ცდილობს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნას რაღაც მითი, რომელიც არის სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული. თვითონ ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიბარეს დაკითხვაზე - აქ განსაკუთრებული არაფერია. ეს არ არის უპრეცედენტო შემთხვევა. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყნებში, თუნდაც ავიღოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, იგივე ამერიკაშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ნიუ იორკის მერი  დაკითხვაზე დაიბარეს. ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევები ევროპაშიც”, - აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. სააკაშვილმა ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძესთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.

”როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს ან სხვანაირად არის თუ..., არა, არა მგონიაო - თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას, როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო, მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხაო და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივდიოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი - ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-თქო. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება. ახალმაც - ივანიშვილმაც იგივე გააკეთა. როცა ასეთი ურთიერთობა იყო მეუღლესთან და ძმასთან, მე, რა თქმა უნდა, ვეღარ მივდიოდი ზურას დედასთან", - განაცხადა სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს. სააკაშვილი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები