მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სამადაშვილი სააკაშვილის ინტერვიუზე: ჯერ გაერკვიეთ, "ქრისტიან-დემოკრატობა" რას ნიშნავს

ძვირფასო მეგობრებო, არ მინდა ვინმეს ეგონოს, შეკითხებს გავურბივარ. საკმაოდ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ მიწევს გამოჯანმრთელება:

1. მიდის პროცესი, რომელიც წესით წინ უნდა უძღვოდეს პოლიტიკური ძალის დაშლას: იდეოლოგიური განსხვავებების გამოკვეთა ორ პარტიას შორის, რომელიც ერთ პოლიტიკურ გუნდს შეადგენდა. ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა. ამ დისკუსიაში საუბარი აუცილებელია ყველაფერზე, რაც შეეხება პოლიტიკურ იდეებს. ამ იდეებს შორის განსხვავებებზეც. მსგავსმა დისკუსიამ, შესაძლოა, ორივე პარტიას ხელი შეუწყოს გაძლიერებაში. თუმცა, როდესაც ეს დისკუსია პიროვნული თავდასხმების დონეზე დადის, დაახლოებით ბესელია-ზარდიაშვილის ცემა-ტყეპის პოლიტიკურ კალიბრს იძენს. არ მგონია, რომ ეს ორი პარტიიდან რომელიმეს ამომრჩევლის პოლიტიკურ გემოვნებას აკმაყოფილებდეს.

2. პოლიტიკური იდეების შიმშილია ქვეყანაში, ივანიშვილი ამ შიმშილის ბიუჯეტის ფულის ფლანგვით ამოვსებას ფიქრობს. მას მხოლოდ საერთო ეროვნული იდეით შეიძლება დაუპირსპირდე-თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს იდეით. სახელმწიფოსი, რომელშიც პოლიტიკური ადგილი ყველა იდეას ექნება-ლიბერალურს, კონსერვატორულს, სოციალისტურს, მემარჯვენეს და მემარცხენესაც. მაგრამ ამ მიზნამდე რომ მივიდეთ, დღეს, როდესაც სახელმწიფო მიტაცებული აქვს რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ფუფუნება საკუთარი პარტიული დღის წესრიგი დააყენოს საერთო ეროვნულ იდეაზე მაღლა. ამიტომ ყველა პოზიცია, რომელიც შეუძლებელს ხდის თანამშრომლობას დასავლური ორიენტაციის დემოკრატიულ პარტიებს შორის, ვინც არ უნდა აფიქსირებდეს მას, არის და იქნება ჩემთვის პირადად მიუღებელი.

3. და ბოლოს, ქრისტიანულ-დემოკრატიული და შესაბამისად, დიახ, ლიბერალური პოლიტიკური იდეოლოგიის პირმშოა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპი, პირველ რიგში, როგორც რეაქცია კათოლიკური ეკლესიის დომინირებაზე. მოიგონეს, რადგან სჭირდებოდათ, განსხვავებით მართლმადიდებლური სამყაროსგან, სადაც ეკლესია არასდროს ყოფილა საერო ხელისუფლების წყარო. ასე რომ უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაიყენებთ მომავალში თავს, გაერკვიეთ "ქრისტიან-დემოკრატობა" რას ნიშნავს, სანამ ამ იდეოლოგიის მოქნევით ეკლესიისადმი საკუთარი აღმატებული დამოკიდებულების დაფიქსირებას შეეცდებით

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა მთავარ არხთან გიგა ბოკერია ტრადიციებთან მებრძოლად და ანტიქრისტიანად გამოაცხადა და თქვა, რომ თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია. მანვე თქვა, რომ მისი პარტია ქრისტიან-დემოკრატიული იდეოლოგიისაა. სააკაშვილი ენმ-ის რამდენიმე წევრმაც დაიცვა და თქვა, რომ "ტრადიციებისადმი პატივისცემა გენში გვაქვს".

კომენტარები