სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

გივი თარგამაძე: კახა კალაძე პოლიტიკურად ბეცია

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლებას ჯიუტად არ უნდა წაიკითხოს ის, რაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადებაში დაწერა. თარგამაძე ვიცეპრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებში უცნაური და განსაკუთრებული არაფერია. 

”ვიცეპრემიერი კალაძე რომ პოლიტიკურად ბეცია, ეს მან დაადასტურა ძალიან ბევრჯერ, რომ არის მორალურ დონეზე თავხედი და უსინდისო, ესეც დაადასტურა. ძალიან სავალალო იქნება, თუ ზოგადად ხელისუფლება კალაძის ტვინით იაზროვნებს. ჩვენ მეორე დღეა ვხედავთ, ხელისუფლებას ჯიუტად არ უნდა წაიკითხოს ის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაწერა”, - აცხადებს თარგამაძე.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით  უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებში უცნაური და განსაკუთრებული არაფერია და ეს საქართველოს პოლიტიკურ კურსზე, დაგეგმილ ურთიერთობებზე არანაირად არ აისახება. ამის შესახებ განცხადება კალაძის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

”რაც შეეხება უცხოელი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს ამასთან დაკავშირებით - ეს სტანდარტული მინიშნებაა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული დარჩეს, ხოლო ოდნავი გადაცდენა ქვეყანას რევანშის მორევში ჩაითრევს, რაც ეკონომიკის და დემოკრატიის განვითარებას ხელს შეუშლის”, - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები