ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ

პრემიერი: ლოგიკურად მიმაჩნია, რომ პროკურატურას სააკაშვილთან კითხვები აქვს

Reuters

ზურაბ ჟვანიას საქმის ირგვლივ წლების განმავლობაში საზოგადოებაში ბევრი კითხვა არსებობდა. აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ საქმეზე კითხვები პირადად მასაც ჰქონდა.

"ლოგიკურად და სამართლიანად მიმაჩნია, რომ პროკურატურას კითხვები აქვს მიხეილ სააკაშვილთან წლების განმავლობაში იყო ლაპარაკი, რომ ჟვანიას საფერფლე ჩაარტყეს თავში. რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მასალა, სადაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ჟვანიას კეფის არეში აქვს მიყენებული დაზიანება და ასევე თავზე აქვს სიცოცხლის დროინდელი სისხლჩაქცევები" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებია. პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხეზე საუბარი გადაჭარბებულია.

"ჩვენთან კონფლიქტმა რუსეთის საერთაშორისო იმიჯს მძიმე დარტყმა მიაყენა. პრაგმატულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებული დამატებითი ხმაური და პრობლემები არ სჭირდება. რაც მთავარია, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები და ამავე დროს პრინციპულები, ისეთ საკითხებში, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. რუსეთის ხელმძღვანელობამ ეს კარგად დაინახა, დიალოგი წარმატებული აღმოჩნდა, რუსეთმა გახსნა ბაზარი და ეტაპობრივად მიმდინარეობს ურთიერთობის ნორმალიზება. ამიტომ დღეს ლაპარაკი რუსეთისგან აგრესიის საფრთხეებზე გადაჭარბებულად მიმაჩნია. რუსეთი ძალიან გაუფრთხილდება, იმას, რაც უკრაინაში ყირიმისა და სევასტოპოლის სახით მიიღო და ზედმეტ თავსატეხს აღარ გაიჩენს" - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმინისტრი ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთიერთობებსაც გამოეხმაურა და აღმნიშნა, რომ ივანიშვილის სიტყვას ყოველთვის განსხვავებული წონა ექნება. მისივე თქმით, არასოდეს დაუმალავს ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილისგან კონსულტაციებს იღებს და თვლის, რომ ფუფუნებაა, როდესაც შეგიძლია რჩევა კითხო ასეთ გამოცდილ ადამიანს.

"ივანიშვილი უსამართლოდ არავის აკრიტიკებს და პირადად მე გულისყურით დავუგდებ ყურს მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და კრიტიკას. ჩვენ ასეთი მოქალაქეები გვჭირდება და გვყავს კიდევაც ასეთი მოქალაქე. მინდა ყველას შევახსენო - რომ არა ბიძინა ივანიშვილი ჩვენ არცერთი არ ვიქნებოდით ამ თანამდებობებზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრების მუშაობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა მინისტრის მუშაობით აღფრთოვანებული არ არის. მისი თქმით, მთავრობაში შეუცვლელი არავინაა და თუ ვინმეს თავი შეუცვლელი გონია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად" - ნათქვამია პრემიერის ინტერვიუში კვირის პალიტრასთან.

კომენტარები