სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

უსუფაშვილის თქმით, ბრაიზას განცხადება ”სხვანაირად თარგმნეს”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ მას პირადად დაუდასტურა, რომ განცხდება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის საგამოძიებო ორგანოში დაბარების გამო საქართველო, შესაძლოა, MAP-ს არც იმსახურებს, არ გაუკეთებია და მედიამ მისი ნათქვამი არასწორად თარგმნა.

"ბრაიზამ დილას მომწერა, არ ვიცი, რა ვქნა, რა ენაზე ვიმეტყველოო. იმიტომ რომ ჩემს ყველა ნათქვამ სიტყვას საქართველოში სხვანაირად თარგმნიანო. მე არ მითქვამს, რომ საქართველოს მაპი აღარ ეკუთვნის ან ვთვლი, რომ შესაძლოა მაპის თაობაზე პრობლემა შეექმნასო. მე ასეთი რამ არ მითქვამსო. მე დავამშვიდე, არ ხარ შენ ერთდერთი, ვისი სიტყვებიც სხვანაირად იქნება ინტერპრეტიებული-თქო. " - თქვა უსუფაშვილმა.

ტაბულამ მოიპოვა ბრაიზას განცხადების ორიგინალი, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს ჟურნალისტს, ქეთევან ქარდავას მისცა. ბრაიზას კომენტარს სრულად გთავაზობთ:

"მე ჩემი მორალური შეფასებებისგან თავს შევიკავებ და ვიხელმძღვანელებ პოლიტიკური ჩარჩოებით. ამ კონფერენციაზე, ვაშინგტონის წარმომადგენლების რეაქციები ნეგატიური იყო. მათ იგივე რამ თქვეს, რაზეც თქვენ ახსენეთ, რომ ამ მომენტისთვის, როცა მზარდი კონსენსუსია სექტემბერში, უელსის სამიტზე, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონში არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა საქართველო ამას არ იმსახურებს. ამის მიზეზი შერჩევითი სამართალი და პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლებებია. მე არ ვამბობ რომ ეს ასეა, ან არ არის ასე. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რასაც ვამჩნევ. ვამბობ იმას, რაც აქ შეკრებილი, ნატოსა და ვაშინგტონის საკმაოდ გამორჩეული წარმომადგენლების რეაქციებიდან შეიმჩნევა.

რას ფიქრობთ, ამას რაიმე გავლენა ექნება?

დიახ. ვფიქრობ ეს გავლენა უკვე არის. აქ დამსწრე საზოგადოებას პოლიტიკური და ინტელექტუალური ძალაუფლება აქვთ. ისინი სწორედ ამას ამბობენ. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოსთვის ისედაც რთული იქნებოდა უესლში მაპის მიღება, მაგრამ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ იყო. თუმცა, მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით ეს უფრო რთული ხდება" - განაცხადა ბრაიზამ.

კომენტარები