ზურაბ ჟვანიას საქმე

მაჭავარიანი: არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, ჟვანიას საქმე თაროზე შემოდონ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლება მერამდენედ ცდილობს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქციოს, წინ წამოწიოს, არარსებული ვერსიები შეთხზას, შემდეგ კი, რაფალიანცის საქმის მსგავსად თაროზე შემოდოს და ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინოს. მისივე შეფასებით, გუშინ სასამართლომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ლევან ჩაჩუას და მიხეილ ძაძამიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"პირდაპირ ვამბობ, რაც უფრო მეტი დრო გადის, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოსამართლეებს ეტყობათ, რომ ისინი ძველ ურთიერთობებს აღადგენენ პროკურატურასთან. გუშინ ჩაჩუა ამბობდა, რომ კონკრეტული მასალები მოეყვანათ, კონკრეტული ფაქტები, ვის ესაუბრა ის. რომ არანაირი ზეწოლა ვერც და არც იქნებოდა. მე ძალიან მაინტერესებს, გასაჯაროვდეს იმ ექსპერტების ჩვენება, თითქოს ვიღაცა ხელს ადებს ჩაჩუას. ეს ტყუილია. ძაძამაის ჩვენებაც, მე ეჭვი მქონდა ძაძამიას გამოჩენისას, მაგრამ ძაძამიამ თქვა სიმართლე, რომ მან იქირავა ეს ბინა, ზურა ჟვანია ამ ბინაში ნამყოფი იყო და მან მიიყვანა ჟვანია ამ სახლში. მე ძალიან მეშინია, რომ ამ ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, ძაძამიაზეც, ჩაჩუაზეც იქნება ზეწოლა, რომ ის ვერსია, რომელიც დაუკვეთა ღარიბაშვილმა, გახდეს მთავარი ვერსია. მაგრამ საქმე კი არ გაიხსნას, როგორც რაფალიანის საქმესთან დაკავშირებით, ამ საქმეშიც გაჩნდეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ძალიან ბევრი სიბინძურე და და ეს საქმე შემოიდოს. როცა თავიდან დაიწყო ამაზე საუბარი, არ ავყევით ამ საქმეს. შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისევ გაიხსენეს. ახლა როცა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუთი გამოჩნდა, რომ პრობლემებია ამ ხელისუფლებაში და მართავს რეალურად ივანიშვილი, მაშველ რგოლად გამოიძახეს ჟვანიას საქმე. ნურავის ნუ აქვს იმედი, რომ ჩვენ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, ბევრი კითხვის ნიშანი დაბადოს, შემოდოს საქმე და ისევ ჩვენკენ გამოიშვიროს ხელი. კიდევ ერთი აბსურდი, რაზეც პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ პროფესიონალებისგან სმენია, თითქოს FBI-ს ექსპერტიზა სიმართლეს ვერ შეესაბამება. ვინ პროფესიონალები? ვინ არის ის პროფესიონალები, რომ FBI-ზე ასე იძახონ და მერე მეორე ვერსია, თურმე დოზირებულად მიაწოდეს მასალები და სხვა დასკვნას რა დაწერდაო? ესეც არის ტყუილი. მე დასკვნა წამიკითხავს და იმ დასკვნაში ნათლად წერია, იმ ბინაში ზურაბ ჟვანია მანამდეც იყო და გარდაცვალების დღესაც, რაც დაადასტურა ძაძამიამ. ასევე, ტყუილები სურათებთან დაკავშირებით, მე ძალიან კარგად მახსოვს გარდაცვალების დღე, სად ჩატარდა ზურას გაკვეთა, ის ადამიანები, ვინც ესწრებოდნენ გაკვეთას.. მახსოვს დეტალები და საბოლოოდ, არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ ეს საქმე გამოიტანოს, ასე მიუშვას და დატოვოს, როგორც რაფალიანცის საქმე" - განაცხადა მაჭავარიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას და ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსს მიხეილ ძაძამიას წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. მისი თქმით, ჩაჩუას ჩვენება განსხვავდებოდა სხვა მოწმეების ჩვენებებისგან და შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას განცხადებით, მან დადო სრულიად სამართლიანი, ობიექტური დასკვნა და ამას ხელს აწერს ექსპერტიზაში მონაწილე ყველა ექსპერტი, მათ შორის ზურაბ ჟვანიას ბიძაშვილის შვილის მეუღლე. როგორც ჩაჩუამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა, ექსპერტიზის მხრიდან რაიმე დარღვევის ნიშნები რომ ყოფილიყო, ჟვანიას ბიძაშვილის მეუღლე არ დამალავდა და გასააჯაროებდა. ექსპერტის თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალდება ერთ დისკზეა აგებული და აბსურდულია.

რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებას, რომ ის მოწმეებზე ტელეფონით ზეწოლას ახდენდა, ჩაჩუა უსაფუძვლოს უწოდებს. მისივე თქმით, არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, რომ მან თუნდაც ერთ მის კოლეგაზე განახორციელა ზეწოლა. 

"ბრალდება ამბობს, რომ მე მოვახდინე ზეწოლა ტელეფონით იმ ადამიანებზე, ვინც ჩემთან ერთად მოამზადა საექსპერტო დასკვნა. პროკურატურას არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, რომ რომელიმე მათგანთან ერთხელ მაინც დამირეკავს. მთელი ბრალდება აბსურდულია, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ერთ ვიდეოს", - აღნიშნა ჩაჩუამ.

მისი თქმით, იმავე საღამოს, როცა კადრები გავრცელდა, თავად დაუკავშირდა პროკურატურას და ჩვენების მიცემა შესთავაზა.

"დამიბარეს პროკურატურაში, მივეცი ჩვენება და იქიდან გამოსვლის შემდეგ ერთ საათში კვლავ დამირეკეს, რომ რაღაც დეტალები იყო დასაზუსტებელი. განმეორებითი დაბარების შემდეგ მე ვიცოდი, რომ დამაკავებდნენ, თუმცა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, არ მივსულიყავი. აქედან გამომდინარე, იმ დროს, როდესაც თავად ვეუბნები პროკურატურას, რომ მივალ დაკითხვაზე, არანაირი საფუძველი იმის ვარაუდის, რომ პროკურატურას დავემალები, არ არსებობს", - განაცხადა ჩაჩუამ. 

ბრალდებულ მიხეილ ძაძამიას თქმით კი, კონსპირაციული ბინის არსებობა იყო ზურაბ ჟვანიას, დაცვის უფროსის და თავად ძაძამიას საიდუმლო. როგორც ძაძამიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა, მას მიჰყავდა ხოლმე ჟვანია იქ და თითოეული ამ გადაადგილების შესახებ ყოველთვის იცოდა დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ. 

"ზურაბ ჟვანია მივიყვანე კონსპირაციულ ბინაში და ასეთი რამ ხშირად ხდებოდა ხოლმე. ამ ბინის შესახებ არავის უნდა სცოდნოდა, გარდა დაცვის უფროსისა და ჩვენი. ეს იყო საიდუმლო, ზურას მოთხოვნით. მე მართალი ვარ ამ საქმეში და მართალი ვარ ღმერთის წინაშე", - განაცხადა ძაძამიამ. 

კომენტარები