სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

წულუკიანი: არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული იმისგან, რომ მოწმედ დაიბარებენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული იმისგან, რომ მოწმედ დაიბარებენ. ამასთან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, დადგინდეს დამნაშავე და მიესაჯოს ადეკვატური სასჯელი

"მე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც არაერთმა ჩემმა თანაგუნდელმა უკვე აღნიშნა. მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაბარებულია მოწმის სტატუსით. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული იმისგან, რომ დაიბარებენ ერთ დღეს რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ. ეს ხდება ყველა ქვეყანაში და ასეა ჩვენთანაც", - განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ "ზურაბ ჟვანიას საქმეზე დამდგარია სიკვდილის ფაქტი".

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო ვალდებულება, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს ეფექტური, მიუკერძოებელი, სამართლიანი და ყოვლისმომცველი გამოძიება ერთადერთი მიზნით - დადგინდეს დამნაშავე და მას მიესაჯოს დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ ადეკვატური სასჯელი.

"ეს ყველაფერი არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება. ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, არავინ არის კანონზე მაღლა, მაგრამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ერთდროული დაწყება ყოფილი პრეზიდენტის მონაწილეობით ლეგიტიმურ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფე მდგომარეობაშია. 

კომენტარები