ზურაბ ჟვანიას საქმე

ლევან ჩაჩუას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

ლევან ჩაჩუას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტს პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს. ჩაჩუა ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 9 წლის წინ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზა ჩაატარა.

პროკურატურის ინფორმაციით ჩაჩუამ გამოკვლევისას მასზე დაკისრებული მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.

ზურაბ ჟვანიას საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ჟვანიას დაცვის წევრს მიხეილ ძაძამიასაც. გამოძიება მასაც სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.

სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა 21 მარტს, გვიან ღამით დააკავეს. დაკავებამდე მას მთავარ პროკურატურაში თითქმის 10 საათის განმავლობაში კითხავდნენ. დაკავების წინა დღეს მან ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების ინტერნეტით გავრცელებული ფოტოების ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა.

ფოტოკოლაჟი იუთუბზე 19 მარტს არის ატვირთული და მისი ავტორი, სავარაუდოდ სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს. ჩაჩუა ამბობდა, რომ ცხედრებს ექსპერტიზა მან ჩაუტარა და ფოტოებზე გამოსახული დაზიანებები ფოტოშოპია.

კომენტარები