სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

გაბაშვილი: ივანიშვილს სააკაშვილის მიმართ პათოლოგიური ბოღმა აქვს

news.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ პათოლოგიური, შიზოფრენიული ბოღმა აქვს. გაბაშვილი სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკური ოპოზიციის და მისი ლიდერის განადგურებაზე ფიქრობს.

”მიხეილ სააკაშვილი დღეს  ერთ-ერთი საერთაშორისო ძალიან აქტიური მოღვაწე და  ანტიპუტინისტური ფრონტის ლიდერია. ზუსტად ასე პოზიციონირებს და ასე ჩანს იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღეს მსოფლიო პოლიტიკა აინტერესებს  და საერთაშორისო მედიაშიც  ზუსტად ასეა. სააკაშვილი არის ერთ-ერთი ლიდერი პუტინის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევისა. აქედან გამომდინარეობს ეს ძალიან იაფფასიანი მცდელობა, პათოლოგიური, შიზოფრენიული ბოღმა ივანიშვილისა სააკაშვილის მიმართ, რომელსაც მაშინაც კი ვერ იოკებს, როდესაც საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები უდგას, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს უკრაინაშია, იმ ვითარებიდან გამომდინარე რომელიც მთლიანად მსოფლიოშია.  დღეს სულ სხვა რამეზე უნდა ფიქრობდეს საქართველოს მთავრობა და მისი ფაქტიური, ერთპიროვნული ხელმძღვანელი ივანიშვილი, მაგრამ  ისევ თავის პოლიტიკურ ბოღმაზე ფიქრობს, ფიქრობს ისევ იმ მიმართულებაზე, რომელიც  მან ძალიან დიდი ხნის წინ დაადეკლარირა - ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის და მისი ლიდერის განადგურება”,-აცხადებს გაბაშვილი. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები