სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

უგულავა: ვურჩევ სააკაშვილს, რომ არ მივიდეს პროკურატურაში

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ურჩევს, დაკითხვაზე არ გამოცხადდეს. მისი შეფასებით, პროკურატურა არის ბრმა პოლიტიკური იარაღი ყოფილი და მოქმედი პრემიერების - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ხელში.

"მე ვურჩევ სააკაშვილს, რომ, რა თქმა უნდა, ის არ უნდა მივიდეს და არ უნდა ითანამშრომლოს, არ ვიტყვი სიტყვა "გამოძიებასთან", რადგან როდესაც ადამიანს 30 საკითხზე იბარებენ, ეს უკვე აღარ არის გამოძიება. მან არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ თუ ჩვენ შევედით ამ სპირალში, ქვეყანა მივა სამოქალაქო დაპირისპირებამდე და კონფრონტაციამდე, რამაც შესაძლოა ქვეყანას არსებითი ზიანი მიაყენოს. ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ერთი ადამიანი - ეს არის შიზოფრენიკი ივანიშვილი" - განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ პროკურატურა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის დაკვეთებს ასრულებს.

"ის, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურისგან, როდესაც ადამიანს იბარებენ 30 საკითხზე ერთად, აბსოლუტურად ცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და მიუთითებს, რომ პროკურატურა არის ბრმა პოლიტიკური იარაღი, შტეფსელში უინსტრუქციოდ შეერთებული იარაღი ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ხელში", - თქვა უგულავამ.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საგამოძიებო უწყებას სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა სურს. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით. ასევე, კიდევ რამდენიმე საქმეს, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას, იმედის საქმეს, მუხროვანის ამბოხს, გაფლანგვას, შპს აგრომეტს, ქართუ ბანკის საქმეს და სხვ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პროკურატურაში 27 მარტს, 13 საათზე უნდა გამოცხადდეს. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება. ის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს კითხულობს. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო. ხოლო დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა სიტყვით.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, თუ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოვა, მასზე ძებნა გამოცხადდება.

კომენტარები