სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ღარიბაშვილი: თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, მასზე ძებნა გამოცხადდება

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას, თუნდაც მისთვის უხერხულს ამომწურავი პასუხი გასცეს. როგორც ღარიბაშვილმა გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, არავინ არ დგას კანონზე მაღლა და მისი გუნდი არ აშენებს ისეთ სახელმწიფოს, სადაც იქნებიან პრივილეგირებული და ხელშეუხებელი ადამიანები.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაში უჩვეულო არაფერია და მსგავსი რამ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ხდება.

"მან ყველა კითხვას უნდა გასცეს ამომწურავი პასუხები. თუნდაც გაფანტოს ეჭვები, დაეხმაროს გამოძიებას, სწორად წარმართოს აღნიშნული პროცესი. თუ მას აქვს შენარჩუნებული გარკვეული გონიერება, უნდა ჩამოვიდეს. ის უბრალოდ ვალდებულია, ჩამოვიდეს, ვინაიდან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას, პროკურატურას ვგულისხმობ, აქვს კითხვები. მეორე საკითხია, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა ჩამოვიდეს, თუ ჯერ კიდევ შერჩა საღი აზრი", -განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მასზე ძებნა გამოცხადდება. 

"თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება. ის დღეს არის ჩვეულებრივი მოქალაქე. პროკურატურას აქვს მასთან ძალიან მძიმე საქმეებზე კითხვები. კეთილი ინებოს, ჩამობრძანდეს და გასცეს პასუხი. ეს არის ჩემი ძალიან მარტივი პასუხი", - განმარტა ღარიბაშვილმა.

კვირის პალიტრასთან საქართველოს პრემიერის ინტერვიუს ფრაგმენტი სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საგამოძიებო უწყებას სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა სურს. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით. ასევე, კიდევ რამდენიმე საქმეს, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას, იმედის საქმეს, მუხროვანის ამბოხს, გაფლანგვას, შპს აგრომეტს, ქართუ ბანკის საქმეს და სხვ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პროკურატურაში 27 მარტს, 13 საათზე უნდა გამოცხადდეს. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება. ის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს კითხულობს. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო. ხოლო დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა სიტყვით.

კომენტარები