ასოცირების შესახებ შეთანხმება

კალაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. კალაძე ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთება და აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ამ ყველაფრისათვის მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში და მომავალშიც განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრივ, როგორც სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებთ, ყველა რეფორმა იქნება გატარებული, რომელიც ევროკავშირიდან იქნება წამოსული, რადგან გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, არის ის გზა, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა”, განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან ხელს, დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში მოაწერს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო УНИАН ავრცელებს.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, არაუგვიანეს ივნისის თვეში გადაწყვიტეს. ეს იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბაროზომ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას აგვისტოს ბოლოს აპირებდა.

კომენტარები