ასოცირების შესახებ შეთანხმება

პრემიერი: შესაძლოა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ კიდევ უფრო გადმოიწიოს

ირაკლი ღარიბაშვილი

”ჰერმან ვან რომპეისთან განვიხილეთ იმის შესაძლებლობა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თარიღი დაჩქარდეს”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში შეხვდა.

"მათ უკვე დაადასტურეს, რომ ეს ხელმოწერა ივნისში შედგება, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ კიდევ უფრო გადმოიწიოს თარიღმა. ამის თაობაზე ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან ეს ტექნიკური პროცესია. მიმდინარეობს აღნიშნული დოკუმენტის თარგმნა. ამას სჭირდება გარკვეული დრო, თუმცა ორივე მხარე ადასტურებს სრულ მზაობას იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას გავაფორმებთ რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ღარიბაშვილთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ მაისში თბილისს ეწვევა.

”საუბარი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებას არ გამორიცხავს, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არ შეიცვლება. აღნიშნულ კონტექსტში პრემიერმინისტრი ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში განვითრებულ მოვლენებს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსაც შეეხო”, -აცხადებენ ღარიბაშვილის პრესსამსახურში. 

კომენტარები