ასოცირების შესახებ შეთანხმება

კუბლაშვილი: მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს

chveniambebi.info

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს.

"ამასთან დაკავშირებით, პასუხები არის საქართველოს კონსტიტუციაში. სადაც ცალსახად არის ნათქვამი, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაური არის საქართველოს პრეზიდენტი. აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის კუთხით და აქვს უფლებამოსილებები, დადოს ხელშეკრულებები, შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მთავრობასთან შეთანხმებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა სხვა გზა იქნება იმ გეზის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილის ბრძანებით აიღო მთავრობამ და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება გვერდზე გაწიონ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ამ შემთხვევაში, მე არ ვდარდობ პირადად მარგველაშვილის იმიჯზე. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის იმიჯი ამით კიდევ ერთხელ დაზარალდება", - თქვა კუბლაშვილმა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი მოაწერს.
პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მთავრობის ხელმძღვანელი.

"საქართველოს მთავრობა აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მიაღწია შედეგებს ასოცირების შესახებ შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით კი, ჯერ არ უსაუბრიათ იმაზე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ პრემიერმინისტრი.

"დეტალებზე საუბარი არ გვქონია, არ ვიცი. მთავარია იქამდე მივიდეთ. დეტალებზე არ არის მგონი საუბარი აუცილებელი", - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველივე პუნქტში, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, წერია, რომ “საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს”.

კომენტარები