ასოცირების შესახებ შეთანხმება

პრემიერი: გვაქვს სრული მზაობა, ასოცირების შეთანხმება გავაფორმოთ

Reuters

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გვაქვს სრული მზაობა, ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან ხელს, დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში მოაწერს. 

„ძალიან სასიხარულოა, რომ ბაროზომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი მხრიდან მზაობა. ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, რომ გავაფორმოთ ხელშეკრულება, ხელი მოვაწეროთ ასოცირების  შეთანხმებას“, - აცხადებს პრემიერი. 

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან ხელს, დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში მოაწერს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო УНИАН ავრცელებს.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, არაუგვიანეს ივნისის თვეში გადაწყვიტეს. ეს იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბაროზომ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას აგვისტოს ბოლოს აპირებდა.

კომენტარები