ასოცირების შესახებ შეთანხმება

ფანჯიკიძე: საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად მზადაა

Maia Panjikidze Official/facebook.com

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ  შეთანხმების ხელმოწერამ ორი თვით გადმოიწია. მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან ხელს, დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში მოაწერს. 

„ამ ხელშეკრულების ხელმოწერამ არაუგიანეს ივნისისა, 2 თვით კიდევ უფრო აქეთ გადმოიწია. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. ეს არა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ევროკავშირი პროცესის დაჩქარებითაა დაინტერესებული, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო მზად არის ამ ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ჩვენ წარვადგინეთ ამ ხელშეკრულების ქართული ტექსტი და სხვა მხრივაც, საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც განსახორციელებელი იყო ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე", - აცხადებს მინისტრი. 

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან ხელს, დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში მოაწერს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო УНИАН ავრცელებს.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, არაუგვიანეს ივნისის თვეში გადაწყვიტეს. ეს იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბაროზომ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას აგვისტოს ბოლოს აპირებდა.

კომენტარები