ზურაბ ჟვანიას საქმე

აბაშიძე: ჩაჩუა ინფორმაციის მატარებელია და მისი დაკავება აუცილებლად ჩათვალეს

timer.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, გუშინ დაკავებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა არის ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე და გამოძიებამ აუცილებლად მიიჩნია მისი დაკავება.

"ჩაჩუამ უშუალოდ ჩაატარა გვამების სამედიცინო ექსპერტიზა. ამიტომ, ის არის ინფორმაციის მატარებელი. როგორც ჩანს, გამოძიებამ ჩათვალა აუცილებლად მისი დაკავება, ვინაიდან ვერ უპასუხა იმ კითხვებს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას. ეს არის მთავარი. ჩვენ ამას უნდა ველოდოთ და არა იმას, რას ამბობს ოპოზიცია", - აღნიშნავს აბაშიძე.

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით კი, 2005 წლიდან მოყოლებული, ნაციონალურმა მოძრაობამ ზურაბ ჟვანიას საქმე არ გამოიძია. კობახიძის თქმით, საქმე იყო შეწყვეტილი და მისი გასაჯაროების მოთხოვნა წინა ხელისუფლებას არ დაუყენებია.

"როგორ ჩანს, არავის არ აწყობდა ამ საქმის გამოძიება. ახლა, როცა პროკურატურა აქტიურად მუშაობს და, ფაქტობრივად, დასრულების ფაზაშია საქმე და ძალიან ხელშესახები მტკიცებულებებია საქმეში, რომელიც ფარდას ახდის რეალობას და დადგინდება თუ რა მოხდა სინამდვილეში, ახლა ნაციონალური მოძრაობის სპეკულაციები და სრულიად არაადეკვატური განცხადებები, ვფიქრობ, რომ ამ საქმის გახსნას ნამდვილად არ წაადგება", - ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავა. ამის შესახებ გუშინ ღამით გახდა ცნობილი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 03 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ.ჟვანიასა და რ.უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით. ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იურისტ ლევან ალაფიშვილის განმარტებით და უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მუხლი, რომლითაც ბრალი წაუყენეს ჩაჩუას, ერთი მხრივ, 2012 წლის დეკემბერშია ამნისტირებული. მეორე მხრივ კი, ხანდაზმულობის ვადა გასულია.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოHყვა, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამიაც დააკავა. პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერმინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. უწყების განმარტებით, აღნიშნულს პრემიერმინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული და დამტკიცებული სავალდებულო „საქართველოს პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის გეგმა“ ითვალისწინებდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

კომენტარები