ასოცირების შესახებ შეთანხმება

ჯაფარიძე: საქართველოს აქვს შანსი, ისტორიული მომენტი და ეს უნდა გამოიყენოს

zonanews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან ხელს, დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში მოაწერს. როგორც ჯაფარიძე ამბობს, პროცესის დაჩქარება იმ მოვლენებმა გამოიწვია, რომელიც უკრაინაში ვითარდება. დეპუტატის თქმით, დღეს საქართველოს აქვს შანსი, ისტორიული მომენტი, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ ამ ფაქტს მივესალმებით, ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირს, ზოგადად ევროატლანტიკურ სივრცეს დაახლოებოდა. ცხადია, პროცესების დაჩქარება იმ სამწუხარო მოვლენებმა გამოიწვია, რომელიც უკრაინაში ვითარდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ დღეს საქართველოს აქვს შანსი, ისტორიული მომენტი, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ამისათვის აუცილებელია, რომ ჩვენი დიპლომატია, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროც  იყოს მაქსიმალურად პროაქტიური არა მხოლოდ ევროკავშირის მიმართულებით, არამედ nato-ს მიმართულებითაც. სამწუხაროდ, ეს სახეზე არ არის, ჯერჯერობით, აქტიურობას ვხედავთ მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი მხრიდან ნაკლებად, რაც არის ძალიან სამწუხარო ფაქტი“, - ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან ხელს, დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში მოაწერს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო УНИАН ავრცელებს.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, არაუგვიანეს ივნისის თვეში გადაწყვიტეს. ეს იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბაროზომ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას აგვისტოს ბოლოს აპირებდა.

 

კომენტარები