ზურაბ ჟვანიას საქმე

ჯაფარიძე: ლევან ჩაჩუა უკანონოდ დააკავეს

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა უკანონოდ დააკავეს. დეპუტატის თქმით, ჩაჩუა მასზე ზეწოლის მიზნითაა დაკავებული.

„დაკავება სრულიად უკანონოა. ეს მუხლი, რა მუხლითაც ბრალი წაუყენეს ჩაჩუას, ერთი მხრივ, ამ ხელისუფლების მიერ 2012 წლის დეკემბერშია ამნისტირებული, მეორე - ხანდაზმულობის ვადა გასულია.

ეს დაკავება შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ამ ადამიანზე მოხდეს ზეწოლა და მან თქვას ისეთი რაღაცა, რაც არ ყოფილა“, -აცხადებს დეპუტატი.

პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გულგრილობა გამოიჩინა და სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ექსპერტიზა მარტო ჩაჩუას არ ჩაუტარებია. მისი თქმით, პათოლოგიურ-ანატომიურ გაკვეთას შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის კამერები იღებდა, ეს ფირები ორივე უწყებას აქვს და შეუძლიათ, გაასაჯაროონ.

„ეს ექსპერტიზა ამ ადამიანის მიერ მარტო არ ჩატარებულა, ზოგადად არცერთ ქვეყანაში, ისეთი მაღალი რანგის პირის, როგორიც პრემიერმინისტრია, გარდაცვალების შემთხვევაში ექსპერტიზას ერთი ადამიანი არ ატარებს  და არ ატარებს  სადღაც დახურულ ბნელ ოთახში. ექსპერტიზას, ჩაჩუას გარდა, ესწრებოდა მინიმუმ 5-6 ადამიანი. გარდა ამისა, პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის გადაღება ხდება და იღებდა 2 კამერა. იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის კამერა. ანუ ეს ფირები პროკურატურასაც აქვს და შსს-საც, თუ მათ სურვილი აქვთ, აჩვენონ რა ხდებოდა, შეუძლიათ ეს ფირებიც გაასაჯაროონ“, -აცხადებს ჯაფარიძე.

დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, „ბინძურ და უზნეო მანიპულირებებს“ თავი დაანებოს.

„თუ რამე აქვთ სათქმელი, ყველა მასალა მათ ხელშია, გამოვიდნენ და თქვან, თუ არადა, შეეშვან ასეთ ბინძურ ქმედებას და საზოგადოებრივი აზრის ასეთი ტიპის ვიდეოებით მანიპულირებას“, - აცხადებს ჯაფარიძე. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა გუშინ დააკავა. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 03 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით.

ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

ცნობისთვის, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოებზე ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

კომენტარები