კრიზისი უკრაინაში

ბენდუქიძე: სავალუტო რეზერვების გაყინვა რუსეთისთვის ძლიერი დარტყმა იქნება

tabula.ge

თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნათქვამზე, რომ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სავალუტო რეზერვები უნდა გაყინონ, ამბობს, რომ საბოლოო ჯამში ეს რეალურია და რუსეთისთვის ძლიერი დარტყმა იქნება. ბენდუქიძის თქმით, ის არაა დარწმუნებული, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად დასავლეთის ხელისუფლებები მზად არიან.

”ეს არის, ალბათ, ყველაზე უფრო სერიოზული გადაწყვეტილება. ამის ტექნიკური საშუალება არსებობს. ყველანაირი სავალუტო რეზერვი, გარდა ოქროს რეზერვისა, ინახება დასავლეთში. ეს საკმაოდ რადიკალური გადაწყვეტილებაა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს პირდაპირ დასავლეთის ხელისუფლებები მზად არიან, რომ ასეთი საკანონმდებლო აქტი მიიღონ. თუმცა, ეს საბოლოო ჯამში რეალურია და ეს იქნება ყველაზე უფრო ძლიერი დარტყმა.

ამას ხელს ის უშლის, რომ ეს ხომ სამართლებრივ ფარგლებში უნდა მოხდეს. მანდ არის ფული, რომელიც მთავრობას ეკუთვნის და რომელიც ეროვნულ ბანკს ეკუთვნის. ეროვნული ბანკი გარკვეულწილად საერთაშორისო სამართლში დაცულია ასეთი მოქმედებებისგან. აქ მთავრობის ფულიცაა. რთული გასარჩევია, რომელია ეროვნული ბანკის ფული და რომელი მთავრობის.

მეორე ისაა, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპა, არის ჩართული რუსეთთან ვაჭრობაში. ანუ თუ მაგალითად ეს მოხდა, უამრავი ევროპული კომპანია გაკოტრდება. ყველაზე უფრო დიდი პრობლემა შეექმნება ბალტიის ქვეყნებს და გერმანიას.” - თქვა ბენდუქიძემ.

ბენდუქიძის აზრით, ევროპელ დღევანდელ ლიდერებს კომფორტის და სანქციები ერთდროულად სურთ.”კომფორტულ სანქციებში, ცხადია, არ შედის ასეთი მკვეთრი ღონისძიება.” - აღნიშნა ბენდუქიძემ.

დღეს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში კახა ბენდუქიძემ საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც უკრაინაში საგანგებო ეკონომიკურ სამიტზე განხილულ საკითხებსა და უკრაინელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებს ეხებოდა.

სამიტი 12 მარტს კიევში ჩატარდა და მისი ორგანიზატორები თავისუფალი უნივერსიტეტი, უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ევროპის ბიზნესის ასოციაცია, კიევის ეკონომიკური სკოლა, კატონის ინსტიტუტი და ატლასის ეკონომიკური კვლევების ფონდი იყვნენ. კახა ბენდუქიძე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

ლექცია დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.

კომენტარები