ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა, 18 მარტს ტელეკომპანია იმედის ეთერში სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და არსებულ ბიზნესგარემოზეც ისაუბრა.

საუბრისას ივანიშვილი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი, არსებული ბიზნესგარემო და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც პარალმენტშია შესული განსახილველად და დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, განკარგულებით 2014 წლის 31 მარტიდან ამოქმედდება.

„კანონი დაჩქარებული წესით გვინდა მონოპოლიებთან დაკავშირებით. დღემდე ვერ მოხერხდა რაც ყველაზე მეტად მეჩქარებოდა, ანტიმონოპოლიური კანონი; ახლა აპირებენ, მე როგორც წავიკითხე, პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს მიღებას“, - განაცხადა ივანიშვილმა იმედთან საუბრისას.

ანტიმონოპოლიური კანონი, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, არის კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“. კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანია დამოუკიდებელი სტრუქტურის - კონკურენციის სააგენტოს - ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერმინისტრის წინაშე. გარდა შიდა ბაზრისა, კანონი დაარეგულირებს ქვეყნის საზღვრების გარეთ განხორციელებულ ქმედებას, თუ ქმედება განისაზღვრება, როგორც კონკურენციის შემზღუდველი ქვეყნის შიდა ბაზარზე და/ან გამოიწვევს კონკურენციული გარემოს არსებით გაუარესებას.

კანონს ემატება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მუხლიც, რომლის მიხედვითაც, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოვლინებად ითვლება ეკონომიკური აგენტის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტებისა და მომხმარებლების ინტერესებს. კანონის დამტკიცების შემდეგ წინასწარ ექნებათ მეწარმეებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ჩაითვლება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოვლინებად, ნახსენებია კანონპროექტში.

კანონპროექტთან დაკავშირებით ტაბულას უმცირესობის წარმომადგენელი, ზურაბ ჯაფარიძე, ესაუბრა. ჯაფარიძის შეფასებით, ამ ცვლილების არანაირი საჭიროება არ არსებობს.

„დღეს არსებული კანონი მოწონებულია ევრიკომისიის მიერ და მისი მიღება იყო ერთ-ერთი წინაპირობა ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყების. მოლაპარაკებები დაიწყო 2012 წლის დეკემბერში, რაც ნიშნავს, რომ კონკურენციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას“.

კანონში ამავე ცვლილებით, ის, რომ რომელიმე კომპანიას ბაზრის დომინანტური წილი აქვს, გახდება დასჯადი. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრაქტიკას - აცხადებს ჯაფარიძე. მისივე შეფასებით, ახალი სააგენტო პრაქტიკულად განუსაზღვრელი უფლებამოსილებით ისარგებლებს, შეეძლება ნებისმიერ ბიზნესში შესვლა, საბუთების ამოღება და სანქციების დაწესება. გარდა ამისა, იქმნება ახალი ბიუროკრატიული ერთეული, რომელიც დამატებითი ხარჯია საქართველოს მთავრობისათვის და პოტენციური ბერკეტი ბიზნესზე ზეწოლისათვის. 

კანონპროექტის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო აწარმოებს კანონდამრღვევთა გამოვლინებას და შემდგომ საგამოძიებო საქმის წარმოებას დამოუკიდებლად და საჩივრის მიღების გარეშე შეძლებს მოკვლევის დაწყებას. ასევე, შეიმუშავებს საქმის მოკვლევის წესებსა და დაამტკიცებს პროცედურებს. ამავე კანონმდებლობით, ანტიკონკურენტულ ქმედებაში დადანაშაულებული კომპანიისთვის ჯარიმა განისაზღვრება წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 10%-ისა.

კონკურენციის სააგენტო ანგარიშვალდებულია პრემიერმინისტრის წინაშე. ამასთან დაკავშირებით ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ კონკურენციის ხელშეწყობის ნაცვლად მივიღებთ ბიზნესზე ზეწოლის მორიგ პოლიტიკურ ინსტრუმენტს პრემიერმინისტრის ხელში, მივიღებთ კორუფციას და შედეგად იმას, რასაც აკეთებდა შევარდნაძის დროინდელი ანტიმონოპოლიური სამსახური.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 13 მარტს ოფიციალურად მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დაჩქარებული წესით განხილვა. გარდა კონკურენციის შესახებ კანონისა, საქართველოს პარლამენტი ღარიბაშვილის მიმართვის ფარგლებში, დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, სახელმწიფო ბაჟის, წიაღის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს.

ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში თანაბარი ბიზნესგარემოა და რომ არავისი პირადი ინტერესები ხელს არ უშლის ბიზნესის ფუნქციონირებას. ასევე ახსენა ინიციატივა საქართველოს განვითარების ბანკის დაარსების თაობაზე, რომელზეც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობს და აღნიშნა, რომ მისი არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში, მაქსიმალურად შეეცდებოდა ქართული მედიის მუშაობის სტანდარტების ამაღლებას, განსაკუთრებით, ეკონომიკის მიმართულებით.

„მე, როგორც სპეციალისტი, ვთქვათ, უფრო მეტი ეკონომიკის და ბიზნესის, ყველაზე მეტად ხარვეზებს ვხედავ ამ მიმართულებით, რომ ჟურნალისტებს აკლიათ ეკონომიკური განათლება, პირდაპირ შემიძლია მივანიშნო ამაზე“, - შეაფასა ივანიშვილმა ქართული მედიის კომპეტენცია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. 

კომენტარები