ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ბოკერია: ივანიშვილმა შეურაცხყო პრეზიდენტი, რომელიც ამომრჩეველს თავზე დაასვა

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გუშინდელ ინტერვიუში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში სრული არაკომპეტენტურობა გამოაჩინა.

"ისეთ პრინციპულ და ფუნდამენტურ საკითხში, როგორიც უკრაინაა, სრულიად გაურკვეველი და ბუნდოვანი პოზიცია ჰქონდა", - აღნიშნავს ბოკერია.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელმა "სრულიად არაკორექტული ფორმით მიაყენა შეურაცხყოფა პრეზიდენტს, რომელიც მან დაასვა თავზე ქართველ ამორმჩეველს. ისე აირჩია, როგორც მარიონეტი, თავის დროზე".

ბოკერია აღნიშნავს, რომ "ივანიშვილი ახლა აქებს თავის მეორე მარიონეტს - ღარიბაშვილს, რომელიც ასევე დაგვასვა თავზე და აპირებს, რომ თბილისის მერიც, საზოგადოებისთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად უცნობი ადამიანი დაასვას ქართველ ამომრჩეველს თავზე".

ცნობისთვის, გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. მისი თქმით, მარგველაშვილთან არაფორმალური ურთიერთობა აღარ აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ "ველოდი უკეთესს, არ დავმალავ. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან".

ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გასცა მის კითხვას პრეზიდენტის მრჩეველ ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ვანო მაჭავარიანის ძმა მიშა მაჭავარიანია.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ამჟამინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს "საუკეთესოდ ახასიათებს". მისი თქმით, ის გაოცებულია ღარიბაშვილის ნიჭიერებით.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელსა და ყოფილ პრემიერმინისტრს კვლავ მიაჩნია, რომ დავით ნარმანია თბილისის "ძალიან კარგი მერი იქნება".

გუშინვე, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში პოლიტიკის დრო უკრაინაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ივანიშვილის აზრით, "ის, რომ მშვიდობიანი გზით განვითარდება პროცესები, ამის ალბათობა გაცილებით დიდია. თუმცა, არაფერი არ უნდა გამოირიცხოს". ივანიშვილის თქმით, ყირიმთან დაკავშირებით რუსეთი უკან არაფერზე დაიხევს და ყველა რესურსს დახარჯავს, რაც აქვს. მისივე შეფასებით, დასავლეთი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ზომიერებას დაიცავს.

 

კომენტარები