უკრაინის მოვლენები

ივანიშვილი: ალბათობა დიდია, რომ მშვიდობიანად განვითარდება პროცესები უკრაინაში

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში პოლიტიკის დრო  უკრაინაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ "ის, რომ მშვიდობიანი გზით განვითარდება პროცესები, ამის ალბათობა გაცილებით დიდია. თუმცა, არაფერი არ უნდა გამოირიცხოს".

"მე და, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მთლიანად გვერდში დავუდგებით უკრაინის ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა და ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო მშვიდობიანი გზით.

ჩემი აზრით, ის რომ მშვიდობიანი გზით განვითარდება პროცესები ამის ალბათობა გაცილებით დიდია, თუმცა, არაფერი არ უნდა გამოირიცხოს და ღმერთმა ნუ ქნას პროცესები გადაიფაროს რაიმე ესკალაციებით." - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ყირიმთან დაკავშირებით რუსეთი უკან არაფერზე დაიხევს და ყველა რესურსს დახარჯავს, რაც აქვს.

"მოგახსენებთ, რომ ყოფილ ჩემი გუნდის წევრებთან მე მაქვს შეხვედრები და უკრაინის კრიზისზე მე ერთი-ერთზე გავაკეთე ანალიზი. ვინც მოისმინა და ნახა, ლამის დღეებსა და წუთებში გავაკეთე ანალიზი, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები.

ჩემი აზრით, ყირიმთან დაკავშირებით, რუსეთი არაფერზე უკან არ დაიხევს და ყველანაირ რესურსს გამოიყენებს, რაც გააჩნია. თუ იქნება დიდი ზეწოლა, დიდი პასუხი იქნება რუსეთის მხრიდანაც. ყველაფერი იქნება დამოკიდებული როგორ იმოქმედებს საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორ იმოქმედებს ევროპა, რა რესურსებს დახარჯავს.

იქნება რესურსების ჭიდილი - თუ ევროკავშირი, ამერიკა, საერთაშორისო თანამეგობრობა დახარკავს იმაზე მეტ რესურსს, რაც დაიხარჯა საქართველოს შემთხვევაში და მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე მოხდება, ამ შემთხვევაში რუსეთის მადა გაჩერდება ყირიმზე." - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილის შეფასებით, დასავლეთი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ზომიერებას დაიცავს.

"ჩემი გადმოსახედიდან, ზომიერება იქნება დაცული მათი მხრიდან. ალბათ, იქნება იმაზე მეტი, რაც იყო საქართველოზე, მაგრამ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს. მაგრამ ისე იქნება ეს რესურსები გამოყენებული, რომ არ განვითარდეს ეს პროცესები უფრო ღრმად უკრაინის, თუ სხვა ქვეყნების მიმართ.

რუსეთიც რესურსებს უყურებს, რუსეთსაც არ აქვს შეუზღუდავი რესურსები და ისინი აცხადებენ კიდეც, რომ მათ კარგად იცოდნენ, რომ იქნებოდა ზეწოლა და ისინი მზად არიან, რომ დამსჯელი ოპერაციები იქნება რუსეთისგან და ამერიკისგან. ეს იციან, განწყობა აქვთ და ელოდებიან და ამას გადაიტანენ", - აღნიშნა ივანიშვილმა გადაცემაში პოლიტიკის დრო.

კომენტარები