ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: პოლიტიკური დევნის კამპანია ახალი ენერგიით შეივსო

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარტიის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე ყურადღება მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსა და იმ პოლიტიკურ დევნაზე გამახვილდა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ თვითმმართველობის არჩევნების წინ ხორციელდება.

როგორც ნაციონალური მოძრაობის მდივანმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური დევნის კამპანია გრძელდება და ის „ახალი ენერგიით შეივსო“.

„კიდევ ერთი ტალღა არის ყველა მიმართულებით, სადაც არის ალტერნატიული სივრცე მთავრობისგან. მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ციხეშია, ერთ-ერთი მთავარი ლიდერი გიგი უგულავა გამოძიების ქვეშაა და მას აქვს ციხეში მოხვედრის საფრთხე, ადგილობრივი ლიდერები ხონში, დუშეთში, ადიგენში, ზოგი დაკავებულია, რაც ნორმალურ წინასაარჩევნო კამპანიას შეუძლებელს ხდის, ზოგი გამოძიების ქვეშაა, ათობით ჩვენს აქტივისტს და კოორდინატორს თბილისში ატარებენ დაკითხვებზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ამას დაემატა შეტევა თავისუფალი უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომელიც ალტერნატიულ საზოგადოებრივ სივრცესთანაა დაკავშირებული.

„ამას დაემატა შეტევა იმ ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც მედიის რეიტინგებს ადგენს, ძალიან სპეციფიური თხოვნით, რომ იმ ადამიანების მისამართები დაადგინონ, რომელთა კვლევის შედეგადაც რეიტინგი დგინდება.

აბსულუტურად ნათელია, რა ამოცანას ისახავს მიზნად ივანიშვილი, რომელიც დღესაც რჩება ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველად და მისი მარიონეტი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. ეს ბრძოლა ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას, ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს ქვეყანაში, მაგრამ ძალიან ძვირი დაუჯდება თვითონ ამ ხელისუფლებასაც“, - აცხადებს ბოკერია.

ელჩებთან საუბრის თემებზე კომენტარი საპარალმენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმაც გააკეთა.

„საუბარი შეეხო ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ლიდერებსა და გაცხადებულ კანდიდატებზე ზეწოლას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, მათ დაბარებებსა თუ დაპატიმრებებს, საუბარი შეეხო ე.წ. ფიფლმეტრებთან დაკავშირებით ხელისუფლების მცდელობას, რომ აღრიოს სარეკლამო ბაზარი და ამ გზით მოაშთოს თავისუფალი მედია საქართველოში. საუბარი შეეხო თავისუფალ უნივერსიტეტზე მიმდინარე ზეწოლას, რომლის მიზანიც არის, არ განვითარდეს თავისუფალი აზროვნების მნიშვნელოვანი კერა და მაღალი ხარისხის განათლების კერა საქართველოში, ასევე სხვა საკითხებსაც“, - აღნიშნა კანდელაკმა.

კომენტარები