ბლოგი

ფინანსური მონიტორინგის სამსახური – არც შენი, არც ჩემი!

გასულ კვირას დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივამ, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომლის ფუნქციაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა და პრევენცია წარმოადგენს, ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.

აღმასრულებელი ხელისუფლება და ფინანსთა მინისტრი ამ ინიციატივას მიესალმება და იწონებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი, არ მიესალმება და ეწინააღმდეგება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი კი, ჯერ ვერ ხვდება რას და რა ინტერესებს უკავშირდება ეს ახალი ცვლილება და გაოცებანარევ მხოლოდ ერთ შეკითხვას სვამს – რატომ?!

არგუმენტები...

არგუმენტები თითქოს ორივე მხარეს აქვს – ფინანსთა სამინისტროსაც და ეროვნულ ბანკსაც.

ინიციატივის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ამ სამსახურის ფუნქცია მეტწილად სწორედ ფინანსთა სამინისტროს ძირითად ფუნქციებთან არის დაკავშირებული და  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ინტეგრირება მის ეფექტურ მუშაობასა და მოქნილობას გაზრდის. მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ საფრთხე ექმნება საბანკო საიდუმლოების ხელშეუხებლობის საკითხს.

რეალური საფრთხეები...

საფრთხეები მართლაც არსებობს. და ერთ ერთი ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ პირადი საბანკო ინფორმაციის ხელშეუხებლობის და დაცულობის პრინციპის დარღვევის რისკია. რადგან, აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალში და განსაკუთრებით კი, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ამ ფუნქციების გადატანა მართლაც აჩენს ერთგვარ ცდუნებას, საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებისა და ფინანსური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისათვის, ან თუნდაც პროკურატურის ან შსს–ს ორგანოებისთვის, გაიზარდოს წვდომა მოქალაქეების და კომპანიების პირად საბანკო ინფორმაციაზე. მთავარი პრობლემა კი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ ამ ინფორმაციის მიღება ზემოთაღნიშნულ სტრუქტურებს შეიძლება ჰქონდეთ სწორედ სასამართლო ნებართვის გარეშე. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე.

პირადი საბანკო ინფორმაცია ყოველთვის იყო ხელისუფლებებისათვის ძალიან მძლავრი იარაღი საზოგადოებაზე, როგორც მოქალაქეებზე, ისე ბიზნესწრეებზე, ზემოქმედების და „ეფექტური“ ზეწოლის განხორციელებისათვის. ასე იყო წარსულშიც და ასეა დღესაც. ბუნებრივია, საზოგადოებაში წარსულშიც არსებობდა ეჭვი, რომ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები წინა ხელისუფლების პირობებშიც აქტიურად „მოიხმარდა“ მოქალაქეებისა და კომპანიების პირად საბანკო ინფორმაციას „სახელმწიფო“ ინტერესებიდან გამომდინარე და დღესაც, ბუნებრივად არსებობს ანალოგიური ეჭვი, რომ დღევანდელ ხელისუფლებასაც და განსაკუთრებით, მის ძალოვან ნაწილს, ძალიან სჭირდება ეს ინფორმაცია ისევ და ისევ „სახელმწიფო“ ინტერესების გათვალისწინებით წარსულში არსებული „ეფექტური“ პრაქტიკის უკვე დღევანდელობაში „წარმატებით“ გასაგრძელებლად.

„დომინოს ეფექტი“...

დღეს შიში და იმის განცდა საზოგადოებაში, რომ მის პირად საბანკო ინფორმაციას „უთვალთვალებენ“, პრაქტიკიულად არ არსებობს. მაგალითად, იმის მსგავსი განცდა, რაც არსებობს მასობრივად სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით. ამიტომაც არის, რომ როგორც მოქალაქეები, ისე ბიზნესი ფულს ბანკში ინახავს და არა მუთაქაში. შესაბამისად, ბოლო წლებია ქვეყნის საბანკო სისტემაში საგრძნობლად იზრდება საბანკო დეპოზიტების მოცულობა და საბანკო ტრანზაქციების რაოდენობა.

საყურადღებოა კიდევ ერთი, ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო დეტალი, რაზეც დღეს ჩვენთან არავინ საუბრობს. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ იმ ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც პირად საბანკო ინფორმაციაზე ხელი ძალოვან და საგადასახადო ორგანოებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიუწვდებათ, ჩვენთან აქტუალური და პოპულარული არ არის საზღვარგარეთ ოფშორული კომპანიების დაფუძნება და ოფშორული ანგარიშების გახსნა. რატომ? იმიტომ, რომ ამის საჭიროება არც მოქალაქეებს და არც ბიზნესს დღეს არ აქვს. არ აქვს ჯერ–ჯერობით. სანამ, საზოგადოებამ იცის, რომ მის პირად ანგარიშებს ძალოვანები ლუპით არ აკვირდებიან და არსებობს ამ ინფორმაციის დაცულობის განცდა.

სრულიად საკმარისია, რომ ან საგადასახადოს, ან ფინანსური საგამოძიებო სამსახურის, ან შსს–ს, ან პროკურატურის თანამშრომლების მიერ სასამართლო ნებართვის გარეშე ვინმეს პირადი საბანკო ინფორმაციის „გამოყენების“ თუნდაც ერთი ფაქტის, ან პრეცედენტის შესახებ გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ავტომატურად ამოქმედდება „დომინოს პრინციპი“ – საბანკო არხებიდან, და არა მხოლოდ, ქვეყნიდანაც კი, ფულის გადინების პროცესი ძალიან სახიფათო მასშტაბებს მიიღებს.

სავარაუდოდ, ქვეყანაში, ისევე როგორც მაგალითად რუსეთსა და უკრაინაში, აქტუალური თემა გახდება როგორც მუთაქა, ისე ოფშორული ანგარიშები და ოფშორული კომპანიები. ვინ დაზარალდება? დაზარალდება ქვეყნის ეკონომიკა, ქვეყნის საბანკო სისტემა და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი.

კომპრომისი...

როგორც ჩანს, უკან „დახევას“ არც ერთი მხარე აპირებს – სახელმწიფო უწყებათშორისი „დუელი“ გარდაუვალია. ამიტომ, გამოსავალი მხოლოდ კომპრომისულ და რაც მთავარია, პრაგმატულ ვარიანტშია – არც შენი, არც ჩემი! ფინანსური მონიტორინგის სამსახური პირადი ინფორმაციის დაცულობის მაღალი ხარისხისა და სტანდარტის მქონე დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბდეს.

კომენტარები