ვითარება გზებზე

ნადირაშვილი: გზების მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ნარმანიას ვაკისრებთ

news.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გზებზე არსებული მდგომარეობის გამო პასუხისმგებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას აკისრებს. ამასთან დაკავშირებით ნადირაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. მან ჟურნალისტებს ვიდეოკოლაჟი წარუდგინა.

"ეს კოლაჟი ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არის საქართველოს გზებზე. კოლაჟში წარმოდგენილია სხვადასხვა ქალაქები, მათ შორის - რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, წყალტუბო. გზები არის დანგრეული და არის სავალალო სიტუაცია და ოცნების მთავრობამ დაგვაბრუნა შევარდნაძის ეპოქაში, როდესაც ეს იყო #1 პრობლემა. ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას. ეს არის მისი უუნარო პოლიტიკის შედეგი. მან გააჩერა მთელი საქართველო, ინფრასტრუქტურული პროექტები და, რაც მთავარია, მას ჰქონდა პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში აშენებული გზები, თუ ახალი არ მიემატებოდა, არ დანგრეულიყო და მან ამ პრობლემებს თავი ვერ გაართვა", - თქვა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც გზებთან არის დაკავშირებული, არის ის, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე პრემიერის ოჯახთან დაახლოებული პირი იოსებ ქადაგიშვილი დაინიშნა. ნადირაშვილმა თქვა, რომ ის მიმართავს დავით ნარმანიას და მოითხოვს განმარტებას, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტზე ქადაგიშვილის კანდიდატურა.

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ თავის საკადრო პოლიტიკის განხორციელებაც კი არ შეუძლია ნარმანიას და გზების დეპარტამენტში, რომელიც ამ პრობლემებს უნდა აგვარებდეს, სინამდვილეში გვარდება სხვა პრობლემები. ვთვლით, რომ ამ დეპარტამენტში ხდება დიდი რაოდენობით ფულის კეთება. ამის საფუძველს გვაძლევს გზებზე არსებული მდგომარეობა. ქადაგიშვილი პრემიერის ოჯახის დაკვეთით დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ეს პოზიცია გახლავთ ძალიან საპასუხისმგებლო. მოხელეს, რომელიც იკავებს ამ პოსტს, შეხება აქვს რამდენიმემილიონიან სახელმწიფო სახსრებთან. იოსებ ქადაგიშვილი კი წარსულში ნასამართლევია დიდი რაოდენობით ქრთამის აღების დროს შუამავლობისთვის. თავის დროზე ქადაგიშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაული. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას გაქარწყლებული აქვს ნასამართლეობა და კანონი არ კრძალავს ასეთი პიროვნების დასაქმებას, მიუხედავად ამისა, რამდენად გამართლებულია ადამიანი, რომელიც იყო შუამავალი დიდი რაოდენობის ქრთამის აღების დროს, ჰქონდეს ასეთი პოზიცია სამინისტროში. მით უმეტეს, რომ ქადაგიშვილი პარალელურად არის კომისიის თავმჯდომარეც და შეხება აქვს მრავალმილიონიან ტენდერებთან", - აღნიშნა ნადირაშვილმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები