ვითარება ყირიმში

ვენეციის კომისია ყირიმის რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევს

ვენეციის კომისია ყირიმის ხვალინდელ რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევს. კომისიის ცნობით, რეფერენდუმი დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება.

ვენეციის კომისია დასკვნის მოტივად იმას ასახელებს, რომ ასეთი ტიპის რეფერენდუმის ჩატარება არც უკრაინის და არც ყირიმის კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული.

ევროსაბჭოს თავმჯდომარის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის თქმით, კომისია ოფიციალურ დასკვნას 21-22 მარტს გამოაქვეყნებს.

ყირიმი რეფერენდუმისთვის ემზადება, რომელიც ხვალ, 16 მარტს უნდა გაიმართოს. დღეს იქ ნებისმიერი სახის აგიტაცია აკრძალულია. რეფერენდუმზე მცხოვრებლებმა პასუხი უნდა გასცენ ორ კითხვას - სურთ თუ არა, ყირიმი შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, და მეორე - სურთ თუ არა, აღდგეს ყირიმის 1992 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმად ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში შედის და მასთან ურთიერთობას ხელშეკრულების საფუძველზე აყალიბებს.

რეფერენდუმი დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე ჩატარდება.

კომენტარები