საქართველოს პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი რუმინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინელ კოლეგას ვიქტორ პონტას შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პონტას საქართველოში ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დასავლეთთან ინტეგრაცია არის ის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ იმ ქვეყნის პრემიერმინისტრს, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩვენს ქვეყანას უანგარო და ერთგულ მეგობრად ევლინება,“ – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრებმა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე. გაჩნდა პერსპექტივები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.

„ხაზი გავუსვით საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო ნავსადგურებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს პოტენციურ ინვესტორებს აღნიშნული პროექტის განვითარების მიზნით. ამა წლის ივლისში გაიმართება საქართველო–რუმინეთის ბიზნესფორუმი. ასევე, შევთანხმდით საქართველოსა და რუმინეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლებაზე. მისასალმებელია, რომ დღეს ხელი მოეწერება „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივადდაცვის შესახებ შეთანხმებას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, პირველი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ პონტა საქართველოს დღეს ესტუმრა.

რუმინეთის სამთავრობო დელეგაციაში იმყოფებიან: რუმინეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, პრემიერმინისტრის მრჩევლები, პარლამენტის წევრები და რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.

კომენტარები