უკრაინის კრიზისი

რუსეთი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „თანამემამულეებს“ დაიცავს

mid.ru

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში საკუთარი თანამემამულეების დასაცავად მზად არის. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომლითაც მოსკოვი გუშინ დონეცკში მომხდარ შეტაკებებში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს ხელისუფლების მომხრეები დაესხნენ თავს.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ კიევში ხელისუფლებაში მოსულმა პირებმა უნდა განაიარაღონ ბოევიკები, უზრუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხოება და ადამიანთა კანონიერი უფლება მიტინგების ჩატარებაზე. სამწუხაროდ, როგორც უკრაინაში განვითარებულ მოვლენები მოწმობს, ასე არ ხდება და კიევის ხელისუფლება ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ „რუსეთი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას უკრაინაში თავის თანამოქალაქეთა და თანამემამულეთა სიცოცხლეზე და იტოვებს უფლებას ხალხი დაიცვას".

შეგახსენებთ, ქალაქ დონეცკში, უკრაინის აღმოსავლეთში წუხელ ღამით პრორუსი აქტივისტები თავს დაესხნენ მშვიდობიან აქციას, რომელიც უკრაინის ერთიანობის მხარდასაჭერად შეიკრიბა. თავდასხმის შედეგად ორი პროუკრაინელი დემონსტრანტი დაიღუპა, სულ მცირე 50 კი დაშავდა.

კომენტარები