უკრაინის კრიზისი

ობამა რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირი დაუჯდება

თუ რუსეთი უკრაინის მიმართ თავის პოლიტიკას არ შეცვლის, ეს მას ძალიან ძვირი დაუჯდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერმინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. ბარაკ ობამამ და არსენი იაცენიუკმა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია და ამ ქვეყნის მიმართ საერთაშორისო დახმარების საკითხი განიხილეს.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ რუსეთის შეჭრა ყირიმში, სამხედრო ბაზების ფარგლებს გარეთ, რუსეთის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. თუ რუსეთი ამ გზით სვლას გააგრძელებს, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ევროკავშირიც და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იძულებული იქნება რუსეთს ამ ქმედებების ფასი გადაახდევინოს. ჩვენ არ ვაღიარებთ რეფერენდუმს ყირიმში დ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილებებს გადახედავს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ობამასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრემიერმინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ხვალ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შესახვედრად მიემგზავრება. ჯონ კერი ლავროვისგან შეერთებული შტატების მიერ რამდენიმე დღის წინ მოსკოვისთვის გადაცემულ წინადადებებზე პასუხს ელოდება.

კომენტარები