ID ბარათი

წულუკიანი: ID ბარათში არავინ და არაფერი არ ზის

news.ge

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ელექტრონულ პირადობის მოწმობაში ”არავინ და არაფერი არ ზის”. ელექტრონული პირადობის მოწმობების შესახებ მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

”მე მიხარია, რომ ამ ჯგუფმა, რომელიც თავიდან საუბრობდა მხეცზე, ეშმაკზე, ექვსიანებზე, შტრიხკოდებზე და შუბლზე, დახვეწა თავისი მესიჯი და გაიაზრა ის, რომ პირადობის მოწმობაში, რომელიც ელექტრონული, გაუყალბებელი, უსაფრთხო დოკუმენტია და საამაყო დოკუმენტია, რადგან საქართველოს მოქალაქეობა არის საამაყო, არ ზის არავინ და არაფერი. ამას მხოლოდ,  მე მგონი, დღეს გედი ფოფხაძე არ ეთანხმება. დანარჩენი ყველანი შევთანხმდით, რომ ბარათში არ ზის არავინ. ამიტომ მე მინდა, რომ მის ექვსეულს დავუსვა კითხვა: რა ზის ID ბარათში?” -აღნიშნა მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, როგორი უნდა იყოს პირადობის მოწმობა, ამას სახელმწიფო წყვეტს.

”უფლება, გქონდეს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტი, არის უფლება. მაგრამ, როგორი უნდა იყოს დოკუმენტი, ამას არ წყვეტს მოქალაქე, ამას წყვეტს სახელმწიფო. ის საზოგადოება, სადაც თავად მოქალაქეები, ან მოქალაქეების ჯგუფი წყვეტს, რას უნდა ემსგავსოს ისეთი დოკუმენტი, როგორიცაა მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი, მე მგონი, რომ სუსტი ქვეყნის და სუსტი სახელმწიფოს ნიშანია”, - განაცხადა წულუკიანმა. 

კომენტარები