აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრა კიდევ ერთხელ გადაიდო

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის 14 მარტს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. აბაშიძის განცხადებით, კარასინს დღეს ტელეფონით ესაუბრა და შეთანხმდნენ, რომ ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიმართება.

"დავაზუსტებთ ახალ თარიღს. ამასთან, დავადასტურეთ, რომ აუცილებელია ამ დიალოგის გაგრძელება", - აღნიშნავს აბაშიძე და შეხვედრის გადადების მიზეზს არ აკონკრეტებს.

"აი, გადაიდო ეს ამბავი, ამით შემოვიფარგლოთ და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიმართება", - ამბობს საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

ცნობისთვის, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 4-5 მარტს უნდა გამართულიყო. თუმცა, გრიგორი კარასინის ინიციატივით, ეს შეხვედრა 14 მარტისთვის გადაიდო.

კომენტარები