უკრაინის კრიზისი

ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ გრძელდება

თეთრი სახლის ოფიციალურმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, განკარგულება „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ხელისშემწყობი პირების ქონების ბლოკირების შესახებ" (http://www.whitehouse.gov/the-press-office/2014/03/06/executive-order-blocking-property-certain-persons-contributing-situation).

პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით არიან ჩართული ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესებში, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება, აქვთ ქონება ან ქონების ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, მოექცევიან ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული სანქციების ქვეშ. კერძოდ, არ შეეძლებათ მათ სახელზე არსებული ქონების გახარჯვა, გადაცემა, ექსპორტი, დონაცია ან სხვა რაიმე სახით გამოყენება. მათ ასევე დაუწესდებათ სავიზო შეზღუდვები და არ შეეძლებათ ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა.

ამ განკარგულებით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააკისრა სავიზო და ქონებრივი საქციები ადამიანებს, რომლებიც რაიმე სახით ჩართულები არიან და ხელს უწყობენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე თავი დაიზღვია შესაძლო საჩივრებისგან, რომელიც მსგავსი ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებაზე სანქციების დაწესებას შეიძლება მოჰყვეს, - განმარტავს რუსული საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო შემართება, წინ აღვუდგეთ საერთაშორისო სამართლის დამრღვევ ქმედებებს და გვერდში დავუდგეთ უკრაინის მთავრობასა და ხალხს, შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ობამამ განკარგულების გამოქვეყნების დღეს.

იმავე დღეს, ევროკავშირმა განცხადება გააკეთა, რომ შეაჩერებს ყოველგვარ სავაჭრო მოლაპარაკებას პუტინის მთავრობასთან და, რაც ამ ეტაპზე რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 28 ქვეყანაში უვიზო რეჟიმით მიმოსვლის საკითხის განხილვას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ქმედება შეაფასა როგორც „არაკონსტრუქციული" და დაამატა, რომ რუსეთი არ ისაუბრებს სანქციებისა და მუქარის ენაზე.

რეფერენდუმი რუსეთთან მიერთებაზე 16 მარტს ჩატარდება. ოფიციალურ ამერიკას მიაჩნია, რომ რეფერენდუმის შედეგები ორკესტრირებული იქნება პუტინის მთავრობის მიერ, თუმცა ობამა იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინა შექმნილი დაძაბული ვითარების მოგვარებას დიპლომატიური გზებით შეძლებს.

ამერიკამ მოლაპარაკებების პროცესში ჩინეთის ჩართვაც სცადა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთმა რაიმე სახის ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს.
პარასკევს, 7 მარტს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც როიტერს განუცხადა, რომ თუ სანქციების პირველი რაუნდი შედეგს არ გამოიღებს, მეორე რაუნდი უკვე პირდაპირ იქნება მიმართული რუსი ბიზნესმენებისა და ვლადიმირ პუტინთან ახლოს ასოცირებული პირების მიმართ.

ამერიკისა და ევროკავშირის მიერ გატარებული სანქციები არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის პასუხისმგებელ პირებზე.

კომენტარები