საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: უკრაინის საკითხში საქართველო დამოუკიდებელ ნაბიჯებს არ გადადგამს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინის გარშემო განვითარებულ პროცესებს ყურადღებით თვალყურს ადევნებს, თუმცა ამ მიმართულებით რაიმე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმოქმედებს.

„ამ პროცესებში საქართველოს ჩართვის სტრატეგიული გეზი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად ვიყოთ კოორდინირებულად ჩართული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, არსებული კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით", - განაცხადა 9 მარტს გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო უკრაინის გარშემო მიმდინარე საერთაშორისო პროცესის ნაწილია.

„ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველო არ გადადგამს დამოუკიდებელ ნაბიჯებს ამ მომართულებით, არამედ იქნება ნაწილი იმ თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოების, ქვეყანათა ერთობისა, რომელიც ამ საკითხის მოგვარებაზე ძალიან აქტიურად მუშაობს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები