ირაკლი ოქრუაშვილი

ოქრუაშვილი გორელებს სტალინის ძეგლის აღდგენას პირდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერად კენჭისყრას აპირებს და გორელებს გამარჯვების შემთხვევაში სტალინის ძეგლის აღდგენას პირდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში განაცხადა.

ოქრუაშვილს განცხადებით,  იგი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა, მაგრამ „შექმნილმა სიტუაციამ, ინერტულობამ და განსაკუთრებით გორში არსებულმა სპეციფიურმა გარემომ, მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა. ერთწლიანი დაკვირვების შედეგად მივიღე ეს გადაწყვეტილება“.

„ჩემთვის გორის არჩევნები არის დაახლოებით მესამე ლიგის თამაში, ესაა გარკვეული სახით თავის ატკიება, მაგრამ მივიღე ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ბევრი რამ შემეცვალა ამ ქალაქში, ბევრი ინოვაცია შემომეტანა, თუნდაც ხალხში ხელისუფლებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმი ერთხელ და სამუდამოდ აღმომეფხვრა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა,  რომ, თუ გორელებს ამის  სურვილი იქნებათ, არჩევის შემთხვევაში  ქალაქში სტალინის ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს. "ვინმეს მოსწონს თუ არა ეს თბილისში, თუ არის გორელების სურვილი, რომ ეს ძეგლი დაბრუნდეს, ეს ძეგლი უნდა დაბრუნდეს. გორი არის გორელების სახლი და საკუთარ სახლში რასაც უნდა იმას დადგამენ. თუ იქნება ეს დაკვეთა, მე, ბუნებრივია, ამ დაკვეთას დავემორჩილები, ორი აზრი არაა", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

 

კომენტარები