თბილისის ბიუჯეტი

მერია და საკრებულო თბილისის ბიუჯეტის პროექტზე შეთანხმდნენ

თბილისის მერიამ და საკრებულომ ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიაში უკვე გააგზავნა. პროცედურის თანახმად, მერიამ პროექტი საკრებულოში 17:00 საათამდე, ბიუროს სხდომის დაწყებამდე უნდა წარადგინოს, რათა საკრებულომ დღის წესრიგში საკითხის შეტანა შეძლოს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის თქმით, პროექტში შესული შესწორებები ძირითადად სოციალური დახმარებების, საბავშვო ბაღების დაფინანსების და ვეტერანებისთვის განკუთვნილი თანხის გაზრდას ითვალისწინებს.

თბილისის მერის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტის ახლანდელი პროექტი დეკემბერში მომზადებული ვერსიისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.  

„პროექტში შესული მთავარი ცვლილება არის ის, რომ ბიუჯეტიდან ავტობუსების შესაძენად 60 მილიონი ლარი აღარ გამოიყოფა“, - ამბობს პეტრიაშვილი.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 19:00 საათზე დაიწყება. დეპუტატები თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან.

კომენტარები