ვითარება უკრაინაში

EPP-ის კონგრესზე უკრაინის კრიზისს განიხილავენ

დუბლინში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი გაიხსნა. მისი ერთერთი მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება. სხდომის გახსნისას, პოლიტიკოსებმა წუთიერი დუმილი მიაგეს უკრაინაში განვითარებული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას.

ორდღიანი კონგრესი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა დღეს გახსნა. დღის წესრიგს დაემატა სამიტი, რომელსაც დაესწრებიან ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები. ასევე, დუბლინში ჩავა უკრაინული დელეგაცია. სამიტის ფარგლებში, მიიღებენ რეზოლუციას.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრებისას, ევროპელი დიპლომატები საუბრობდნენ, რომ აუცილებელია დასავლეთს ჰქონდეს მკაფიო შეფასებები რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და პარალელურად, ევროკავშირმა უნდა გაუწიოს კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას.

ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ქართული დელეგაცია ესწრება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს იმედი აქვთ, რომ იმ რეზოლუციაში, რომელსაც სამიტი დაამტკიცებს, საქართველოც აისახება. 

"სწორედ ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა, რომ ერთი მხრივ ღიად დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ უკრაინას რუსული აგრესიის შეჩერებასა და საკუთარი მთლიანობის დაცვაში, მაგრამ და ასევე, ვისაუბროთ საქართველოზე. იმ ფონზე, როდესაც მთელი ევროპის ფიქრები მიმართულია უკრაინისკენ, ასევე ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რა მოხდა საქართველოში 2008 წელს და როდესაც საუბარია, რუსეთის მიმართ ახალ პოლიტიკასა და სანქციებზე, საქართველო და საქართველოს დეოკუპაცია იყოს ყველა ამ სანქციის ნაწილი. მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამავე დროს, არ უნდა დაიკარგოს საქართველოს თემა იმისთვის, რომ საქართველოს დეოკუპაცია დარჩეს საკითხად და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი მომავლის დაცვა იყოს უზრუნველყოფილი დღესვე იმ ფონზე და იმ ტალღაზე, რომელიც დღეს არსებობს უკრაინასთან მიმართებაში" - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. 

დღევანდელ სამიტში მონაწილეობის მისაღებად, დღეს დუბლინში ჩავლენ იულია ტიმოშენკო და ვიტალი კლიჩკო. ისინი პრესკონფერენციასაც გამართავენ.

კომენტარები