თბილისის ბიუჯეტი

შიხიაშვილი: მერიის წარმოდგენილი ბიუჯეტის მე-4 პროექტიც განწირულია ჩასაგდებად

primetimenews.ge

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქის მერიას რეგულაციებს უწესებს.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"არაერთი დღის დაუღალავი შრომის შედეგად, თბილისის საკრებულომ შეიმუშავა ბიუჯეტის თავისი ვერსია. მასში გათვალისწინებულია რეგულაციები, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევზღუდავთ ნაციონალური მოძრაობის ფილიალად გადაქცეულ მერიას. არ მივცემთ მას საშუალებას, ხელი აფათუროს ბიუჯეტში თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად", - აღნიშნა შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის მე-4 პროექტიც „განწირულია ჩასაგდებად“. შიხიაშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატები სწორედ საკრებულოს მიერ შემუშავებულ პროექტს დაუჭერენ მხარს.

ამასთან, 14:00 საათისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე დაბარებულია საკრებულოში, რათა მას ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტი წარედგინოს.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი ორჯერ ჩააგდო.

თებერვლის ბოლოს, თბილისის მთავრობამ საკრებულოს საბიუჯეტო პროექტი კიდევ ერთხელ წარუდგინა. პროექტს 7 მარტს, დედაქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

თუ თბილისს 11 მარტისთვის ბიუჯეტი არ ექნება, ქალაქში ცენტრალური მმართველობა დადგება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების თავმჯდომარემ თემურ გრიგალაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილსა და უმრავლესობას თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. გრიგალაშვილმა გუშინ თქვა, რომ დედაქალაქის მთავრობის წარდგენილ ბიუჯეტის ბოლო პროექტში, რომლის მოცულობაც 785 მლნ ლარია, გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ დააყენა.

"არ არსებობს არანაირი ლოგიკური მიზეზი იმისთვის, რომ არ მიიღონ ბიუჯეტი. ამავდროულად, ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება, რომ თუ წარმოდგენილ ვარიანტშიც უმრავლესობას აქვს შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარემ ისარგებლოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტით, შეიტანოს შესწორება, წარადგინოს თავისი ვარიანტი და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ მიერვე წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს. ვფიქრობთ, რომ თითოეულმა დეპუტატმა გადაწყვეტილება არა პარტიის ან პარტიული დოქტრინის, არამედ, ზოგადად, მოსახლეობის სასარგებლოდ უნდა მიიღოს - ეს არის ჩვენი მოტივაცია. ჩვენი მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვენდობით შიხიაშვილის რიტორიკას, ქავთარაძის სარევიზიო მითოლოგიას, თუმცა მათგან განსხვავებით, ჩვენ ამ ნდობა-უნდობლობის საკითხებს არ ვაყენებთ მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა. მოვუწოდებთ უმრავლესობას, ასე მიუდგეს ამ საკითხს და დავამტკიცოთ ის ბიუჯეტი, რომელიც არის მოსახლეობის კუთვნილება და რომლის საშუალებითაც, მოქალაქეებს არაერთი პრობლემის მოგვარება შეეძლებათ", - აღნიშნა თემურ გრიგალაშვილმა.

კომენტარები