”ჩვენ არ მივიღებთ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე სპეკულაციას ცდილობს უკრაინის თემით”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
”რა თქმა უნდა, არა. არანაირ პლატფორმას ჩვენ ახლა არ ვქმნით, იმიტომ რომ ეს პლატფორმა დიდი ხანია შექმნილი გვაქვს. ჩვენ კი არ ავირჩიეთ კრიტიკის ობიექტად ხელისუფლება, არამედ ხელისუფლება არის ამ შემთხვევაში ყველა ბერკეტის მფლობელი და ჩვენ, როგორც ოპოზიციას, შეგვიძლია ჩვენი მოსაზრებები მივაწოდოთ და ჩვენი ხედვა წარმოვადგინოთ იმის თაობაზე, თუ სახელმწიფომ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას, გარდა იმისა, რასაც დგამს. შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ უფრო მეტი ინიციატივა უნდა მოდიოდეს ქართული ხელისუფლებიდან, სახელმწიფოსგან. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ შედგა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ საუბარში, ან თუ შედგება კიდევ საუბარი, იქნება დაფიქსირებული საქართველოს მთავრობის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთიანი რეგიონალური პოზიცია ჩამოყალიბდეს უკრაინის საკითხზე. თურქეთს, აზერბაიჯანს, მე ვფიქრობ, სომხეთსაც შეიძლება შევთავაზოთ ამაში მონაწილეობა. ეს იქნებოდა კარგი ინიციატივა. ერთ-ერთი საკითხია ასევე უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის მიმართვა, კომიტეტის პრეზიდენტი მოუწოდებს ოლიმპიელებს, გამოხატონ სოლიდარობა. ჩვენი კოლეგაა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და მას ეს უკვე უნდა გაეკეთებინა. თუ ის ამას არ თვლის საჭიროდ, ჩვენ მოვუწოდებთ ოლიმპიელებს შეიკრიბონ და რაღაცა ფორმით გამოხატონ სოლიდარობა”, - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, ასეთ სიტუაციაში სოლიდარობის ჩუმად გამოხატვა სწორი არ არის და სოლიდარობა საჯარო უნდა იყოს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს განიხილავს.