ვითარება უკრაინაში

უსუფაშვილი: უკრაინა და საქართველო ერთ საფრთხეს უმკლავდებიან

”უკრაინა და საქართველო ერთ საფრთხეს უმკლავდებიან”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

”მე მგონია, რომ უკრაინისთვის საუკეთესო დახმარება და საქართველოსთვის საუკეთესო მსახურება ჩვენი მხრიდან იქნება ის, რომ ამ თემაზე ვიაროთ წინ და თუ როდესმე ერთიანობაა ხოლმე საჭირო და დემონსტრირება ერთიანობის, არის მაშინ, როდესაც საერთო მტერი და საერთო პრობლემა გამოუჩნდება ქვეყანას, საზოგადოებას და ამ შემთხვევაში მგონი, უკრაინა-საქართველო ჩვენ გათავისებული გვაქვს როგორც ერთი მთელი, რომელიც ერთ საფრთხეს უმკლავდება. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ პათოსით გავაგრძელებთ, ჩვენს სათქმელს ვიტყვით, მაგრამ ვივლით იქეთ, რომ სწორედ მოწინააღმდეგემ და მტერმა დაინახოს ჩვენი ერთიანობა იმაში, რაშიც ერთიანი უნდა ვიყოთ ყოველთვის”, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს განიხილავს. ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შესახებ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა. უმცირესობამ დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო კომიტეტს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარუდგინა. 

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ თემაზე პარლამენტის ერთიანი პოზიცია დაფიქსირდეს.

”გუშინ მიმდინარეობდა გარკვეული მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით. უმცირესობა შემოვიდა თავისი ვარიანტით, უმრავლესობას აქვს თავისი მოსაზრებები და ვარიანტი. გუშინ გვიან ღამის მდგომარეობით, როდესაც მე დავასრულე ბოლო კონსულტაციები უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან, არის საკმაოდ მაღალი ალბათობა იმისა, რომ ჩვენ შეჯერებული ტექსტით გამოვიდეთ პარლამენტის სხდომაზე”, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

კომენტარები