თბილისის ბიუჯეტი

გრიგალაშვილი: არ არსებობს არანაირი ლოგიკური მიზეზი ბიუჯეტის არმისაღებად

primetimenews.ge

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილსა და უმრავლესობას თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. გრიგალაშვილმა დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის წარდგენილი ბიუჯეტის ბოლო პროექტში, რომლის მოცულობაც 785 მლნ ლარია, გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ დააყენა.

"არ არსებობს არანაირი ლოგიკური მიზეზი იმისთვის, რომ არ მიიღონ ბიუჯეტი. ამავდროულად, ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება, რომ თუ წარმოდგენილ ვარიანტშიც უმრავლესობას აქვს შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარემ ისარგებლოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტით, შეიტანოს შესწორება, წარადგინოს თავისი ვარიანტი და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ მიერვე წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს. ვფიქრობთ, რომ თითოეულმა დეპუტატმა გადაწყვეტილება არა პარტიის ან პარტიული დოქტრინის, არამედ, ზოგადად, მოსახლეობის სასარგებლოდ უნდა მიიღოს - ეს არის ჩვენი მოტივაცია. ჩვენი მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვენდობით შიხიაშვილის რიტორიკას, ქავთარაძის სარევიზიო მითოლოგიას, თუმცა მათგან განსხვავებით, ჩვენ ამ ნდობა-უნდობლობის საკითხებს არ ვაყენებთ მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა. მოვუწოდებთ უმრავლესობას, ასე მიუდგეს ამ საკითხს და დავამტკიცოთ ის ბიუჯეტი, რომელიც არის მოსახლეობის კუთვნილება და რომლის საშუალებითაც, მოქალაქეებს არაერთი პრობლემის მოგვარება შეეძლებათ", - აღნიშნა თემურ გრიგალაშვილმა.

თებერვლის ბოლოს, თბილისის მთავრობამ საკრებულოს საბიუჯეტო პროექტი კიდევ ერთხელ წარუდგინა. პროექტს 7 მარტს, დედაქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

ცნობისთვის, თუ თბილისს 11 მარტისთვის ბიუჯეტი არ ექნება, ქალაქში ცენტრალური მმართველობა დადგება.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი ორჯერ ჩააგდო.

კომენტარები