საქართველოს პატრიარქი

ილია II: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი

ილია II

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ევროკომისართან გაფართოების და სამეზობლო საკითხებში, შტეფან ფულესთან, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია ევროინტეგრაციის პროცესს არ აბრკოლებს და ეკლესია ყველაფერს გააკეთებს ამ იდეის განხორციელებისთვის.  პატრიარქმა ამასთანავე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს არ უზღუდავს შესაძლებლობას გახდეს ასევე სხვა ორგანიზაციების წევრიც. 

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი, მიემართება ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის სტუქტურები არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის. მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს...მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით ალბათ შოულობენ დახმარებებს. თქვენ თვითონ დარწმუნდებით საქართველოში ვიზიტისას. თქვენ დღეს ჩამობრძანდით, გქონდათ შეხვედრები, კიდევ შეხვდებით სასულიერო პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს", - აღნიშნა ილია II-მ. 

 

 

კომენტარები