საქართველოს პატრიარქი

ილია II: სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა და ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა.

სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა და წამოაყენეს პრინციპი ყოველივეს დაშვებულობისა: რაც მსურს, - ბუნებრივია, შესაძლებელი და მისაღები.

ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მომავალ თაობას, უყალიბებს რა მათ ცრუ ორიენტირებს, ფსევდო ღირებულებებსა და ლოიალურ დამოკიდებულებას უმძიმესი ცოდვებისადმი, რასაც შედეგად მოჰყვება აღქმის დაკარგვა ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის შესახებ.

ყოველივე ამას დაემატა პანდემია, რომელმაც მასობრივი შიში დანერგა და ერთმანეთს დააშორა როგორც ქვეყნები, ისე ცალკეული პიროვნებები.

მსოფლიო საზოგადოებაში შიშს თესავს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებები, რაც სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის.

საერთოდაც, განცდაა იმისა, რომ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ.

პოსტპანდემიური სიძნელეების დაძლევა, ომში დაზარალებულთა შესაძლებლობისამებრ დახმარება და ლოცვა მშვიდობისათვის, – ჩვენი მოვალეობაა. ამასთან, სასულიერო პირები შესაძლებლობისამებრ უნდა დაეხმარონ ადამიანებს, სხვადასხვა განსაცდელისადმი შიშის დაძლევაში.

ჭეშმარიტი ღვთის რწმენა და მისი გზით სვლა ათავისუფლებს პიროვნებას, საზოგადოებას ყოველგვარი ფობიისგან და აღავსებს მათ გულებს მშვიდობით, გამბედაობით, ვაჟკაცობით, სიყვარულით, ერთგულებითა და სხვებისთვის ცხოვრების სურვილით.

ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც შიშს აღარ ძალუძს დაგვძლიოს და დაარღვიოს ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი სულიერი სიმშვიდე.

ეს რეალობა უნდა იპოვოს ადამიანმა. ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი!

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მისასალმებელი სიტყვა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეთადმი.

კომენტარები