საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ფანჯიკიძე: რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებას ველით

radiotavisupleba.ge

”ჩვენ გვაქვს ევროკავშირის და ჩვენი მეგობრების დახმარების იმედი, რომ ისინი თავს აგვაცილებენ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დადგა უკრაინა და რომლის წინაშე შეიძლება დადგეს სხვა”, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის გაძლიერება მოსალოდნელია.

”ველით ზეწოლის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან. ამის მაგალითი არის თუნდაც ის, რომ სოჭის ოლიმპიადის დამთავრების მეორე დღესვე რუსეთმა განაახლა მავთულხლართების ინსტალირება საოკუპაციო  ხაზის გასწვრივ. ვცდილობთ, ასეთი პროვოკაციებისთვის ვიყოთ მზად.

14 მარტს გაიმართება ზურაბ აბაშიძის და კარასინის კიდევ ერთი შეხვედრა, რომლის შემდეგაც მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ უფრო მეტად გავერკვევით სიტუაციაში და უკეთ გვეცოდინება, თუ რას შეიძლება ველოდეთ ამ ეტაპზე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთისგან”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები