ვითარება უკრაინაში

წიკლაური: საქართველოს ხელისუფლება გაემიჯნა მსოფლიოს, შეაჩეროს აგრესორი

”უპასუხისმგებლო განცხადებებით საქართველოს ხელისუფლება გაემიჯნა მსოფლიოს ძალისხმევას, შეაჩეროს და იზოლაციაში მოაქცის აგრესორი”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს. 

დეპუტატის თქმით, მთავრობა არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, რაც ცივილიზებულ სამყაროსთან ერთობლივ და კოორდინირებულ ქმედებებს გულისხმობს.

”როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს რუსული აგრესიის და ინტერვენციის შეჩერებას უკრაინაში, რუსეთის იზოლაციას პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უარს ამბობენ დიდი რვიანის ფორმატში რუსეთთან თანამშრომლობაზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი პირდაპირ საუბრობს ეკონომიკურ და დიპლომატიურ ნაბიჯებზე, რაც პუტინს მოაქცევს იზოლაციაში, ხოლო ავსტრალია, ფინეთი, ახალი ზელანდია, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები აუქმებენ რუსეთთან უკვე დაგეგმილ შეხვედრებს, საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს შექმნილი პოლიტიკური ვითარების მნიშვნელობას. ქართული ოცნების წარმომადგენელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსეთის იზოლაცია არის დაუშვებელი. ზურაბ აბაშიძე გვამცნობს, რომ კარასინთან დაგეგმილი შეხვედრა აუცილებლად შედგება, ხოლო ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ საქართველოს ღიად დადანაშაულებას 2008 წლის ომის დაწყებაში. მიგვაჩნია, რომ ამ უპასუხისმგებლო განცხადებებით, საქართველოს ხელისუფლება გაემიჯნა მსოფლიოს ძალისხმევას, შეაჩეროს და იზოლაციაში მოაქცის აგრესორი”, - განაცხადა წიკლაურმა.

 

კომენტარები