საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მარგველაშვილი: პუტინთან განსახილველი საკითხების ნუსხა ჯერ არ არსებობს

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად საჭიროა იმ საკითხთა ნუსხა, რის გამოც შესაძლოა შეხვედრა შედგეს. მაესტროს ეთერში, გადაცემა სუბიექტურ აზრში მას ჰკითხეს, მაშინ, როცა უკრაინის მოვლენების ფონზე, დასავლეთი პოლიტიკურ-ეკონომიკური იზოლაციით ემუქრება რუსეთს, საქართველო ისევ მზად არის თუ არა რუსეთის უმაღლეს პირთან შესახვედრად.

"ჩემი პირველივე რეაგირება პუტინის რეპლიკაზე იყო ის, რომ საჭიროა ვიცოდეთ საკითხები თუ რის გამო შესაძლოა შედგეს შეხვედრა. ჯერჯერობით, ასეთი ნუსხა არ არსებობს. შესაბამისად, თუ ასეთი საკითხების სია გაჩნდება, აქედან გამომდინარე იქნება აზრიანი იმაზე საუბარი - აქვს აზრი შეხვედრას თუ არა" - თქვა პრეზიდენტმა.

გადაცემის წამყვანების კითხვაზე, შესაფერისი დროა თუ არა შეხვედრისთვის, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს, რომ ბუნებრივია, არსებული ვითარება არანაირ პოზიტიურ გარემოს არ ქმნის.

"მაგრამ გიმეორებთ, შეხვედრის საკითხი გამომდინარეობს იმ საკითხებიდან, რა ნუსხაც შედგება ამ შეხვედრაზე განსახილველად. ასეთი რამე ჯერ არ არსებობს. ეს იყო პუტინის რეპლიკა ტელეკამერების წინ, მისი კითხვაზე პასუხი, მან თქვა, რომ ის ჩემთან შეხვედრის წინააღმდეგი არ იქნება. აქედან, ამ ორი თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი გამოვიყვანეთ. მე გავაკეთე ერთი კომენტარი, რომ თუ არის მზადყოფნა, უნდა იყოს საკითხების ნუსხაც. მე მეტი კომენტარი არ გამიკეთებია" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, მიუღებელი საკითხების და უსარგებლო დღის წესრიგის შემთხვევაში, უარს იტყვის თუ არა პუტინთან შეხვედრაზე, მარგველაშვილი პასუხობს - "მე მოგეცით უკვე პასუხი, რომ რეალურად, შეხვედრას, აქვს აზრი მაშინ, როცა არის სერიოზული საკითხების ნუსხა და როგორ შეიძლება ვისაუბროთ უსასრულოდ იმაზე, რაც არ არსებობს".

ცნობისთვის, 10 თებერვალს, სოჭში, ჟურნალისტებმა ვლადიმირ პუტინს ჰკითხეს, შეხვდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტს. მან უპასუხა - "თუ მოისურვებს, რატომაც არა".

გიორგი მარგველაშვილმა მაშინ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს. მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.

"ქართულ-რუსული ურთიერთობები არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრობლემური ურთიერთობა, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია. შესაბამისად, ამ რეპლიკის ანალიზს ჩვენ მოვახდენთ ძალიან სერიოზულად და ზედმიწევნით, გავივლით კონსულტაციებს და ჩვენს პოზიციასაც ჩამოვაყალიბებთ. თუ არის შესაძლებლობა, რომ რაიმე ასეთი ტიპის შეხვედრამ მისცეს პოზიტიური იმპულსი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, თუ არის სერიოზული მზადყოფნა ძალიან პრობლემური თემების განხილვისთვის, ბუნებრივია, არის საფუძველი, რომ ჩვენ ამ თემებზე კოლეგებთან ვიმსჯელოთ, გავიაროთ კონსულტაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლელ კოლეგებთან და ვიფიქროთ ასეთი შეხვედრის თაობაზე", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები