ვითარება უკრაინაში

პეტრიაშვილის უწყება: მკაცრ განცხადებებთან ერთად, საჭიროა ქმედითი ზომები

eu-integration.gov.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, NATO-ს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს მოუწოდებს, ვითარების განმუხტვისა და მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მკაცრ განცხადებებთან ერთად, ქმედითი ზომები მიიღონ.

”უმოქმედობის შემთხვევაში მივიღებთ კონფლიქტის ახალ კერას, ახალ ოკუპაციას და წარმოუდგენლად დიდ მსხვერპლს. საფრთხე ექმნება არა მხოლოდ უკრაინასა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს, არამედ ზოგადად საერთაშორისო სტაბილურობას, სამართალსა და წესრიგს”, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მკაცრად გმობს.

”დღეს ყირიმში მიმდინარე მოვლენები გაგრძელებაა რუსეთის იმ პოლიტიკისა, რომელიც განახორციელა 2008 წელს საქართველოში. უკრაინაში მოვლენები ზუსტად იმ სცენარით ვითარდება, როგორც ეს საქართველოში ხდებოდა ექვსი წლის წინ”, - ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრის აპარატში ასევე აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის სივრცეში მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის უსწრაფესი და ეფექტური საშუალება  საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებაა.

”მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო დააჩქაროს უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება და საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის მოლაპარაკებების დასრულება.

უაღრესად მნიშვნელოვანია, NATO-ს 2014 წლის სამიტზე მოკავშირეებმა დადებითად გადაწყვიტონ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემის საკითხი. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარის თქმამ, რუსეთს ერთგვარად ხელფეხი გაუხსნა აგრესიული მოქმედებებისთვის. იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს უფრო პრინციპულად და ნაყოფიერად იმოქმედებს და ჩვენი რეგიონის ხალხებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მეტი სისხლის დაღვრა აღარ მოუწევთ.

ჩვენ სრულ თანადგომასა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მის ხელისუფლებას, რომელსაც სურს იხილოს საკუთარი ქვეყანა გაერთიანებული ევროპული დემოკრატიების ოჯახში და ამ მიზნისთვის, თავისუფლად მიიღოს სუვერენული გადაწყვეტილებები”, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები