ვითარება უკრაინაში

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ყირიმში რუსეთის სამხედრო ესკალაციას გმობს

nato.int

ჩრდილოატლანტიკური საბჭო გმობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ესკალაციას ყირიმში და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციას შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება ეძლევა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ეწინააღმდეგება NATO-რუსეთის საბჭოსა და პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის პრინციპებს. საბჭოს განცხადებით, რუსეთმა პატივი უნდა სცეს გაეროს წესდებით აღებულ ვალდებულებებს და ეუთოს პრინციპებსა და სულისკვეთებას, რომელზეც ევროპაში არსებული სიმშვიდე და სტაბილურობაა დამყარებული.

"ჩვენ რუსეთს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოვუწოდებთ. რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, პატივი სცეს მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, 1994 წელს გაფორმებულ ბუდაპეშტის მემორანდუმს, 1997 წლის რუსეთ-უკრაინის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებასა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფნის მარეგულირებელ საკანონმდებლო შეთანხმებას. რუსეთს მოვუწოდებთ, დააბრუნოს სამხედრო ძალები თავის ბაზებზე და უკრაინაში ნებისმიერი ჩარევისგან თავი შეიკავოს. ორივე მხარეს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მონახონ მშვიდობიანი გამოსავალი ორმხრივი დიალოგის გზით, საერთაშორისო ჩართულობითა და გაეროსა და ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების ადგილზე დაშვებით. უკრაინა NATO-ს ღირებული პარტნიორი და პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელია. NATO-ს მოკავშირეები განვაგრძობთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და უკრაინელი ხალხის უფლების, გარე ძალების ჩაურევლად, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ხაზს ვუსვამთ ინკლუზიური პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობას, რომელიც დამყარებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, უმცირესობებსა და კანონის უზენაესობაზე, რომელიც უკრაინელი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ასრულებს. დღეს უკრაინის თხოვნით შევიკრიბეთ, რათა NATO-უკრაინის კომისიის ფარგლებში კონსულტაციები გაგვემართა. ჩვენ რუსეთთან გასაუბრებას NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში ვგეგმავთ", - აცხადებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო.

კომენტარები