NATO-საქართველო

ალასანია: NATO-ში საქართველოს იმიჯი ყოველდღიურად იზრდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია NATO-ს შტაბბინაში ავღანელ კოლეგას ბისმილა ხან მუჰამადს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ავღანეთის საერთაშორისო მისიის მიმდინარეობაზე ისაუბრეს და პოსტ-ISAF-ის ახალი ოპერაციის დეტალები განიხილეს. ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. უახლოეს პერიოდში ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ.

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ავღანეთს და მის მინისტრს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის გააგრძელოს მათი მხარდაჭერა, რადგან ჩვენ, ისევე როგორც ავღანეთმა, გავიარეთ საბჭოთა ოკუპაცია, სამოქალაქო ომი და დღეს, ძლიერად დავდექით ფეხზე. რეფორმები, რომელიც საქართველოში განხორციელდა, მათთვის ძალიან საინტერესოა. ამიტომ, ჩვენ თავდაცვის რეფორმირების კუთხით მათ ამ გამოცდილებას გადავცემთ. აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე გავაფორმებთ ორმხრივ შეთანხმებასაც", - თქვა ირაკლი ალასანიამ. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართა. მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

"NATO-ში საქართველოს იმიჯი ყოველდღე უფრო იზრდება. უფრო და უფრო აფასებენ საქართველოს და ჩვენი ჯარისკაცების ძალიან დიდ წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში. პრაქტიკულად, ყველა თანახმაა, რომ საქართველო კიდევ უფრო დიდ, ღრმა ნაბიჯს იმსახურებს NATO-ში ინტეგრაციისკენ", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები