ვანო მერაბიშვილის საქმე

პროკურატურა: დადასტურდა, რომ 26 მაისს მერაბიშვილის ბრძანება უკანონო იყო

26 მაისის აქციის დაშლა

საქართველოს მთავარი პროკურატურა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილისთვის 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი ადასტურებს, რომ ეს იყო მომიტინგეთა დასჯისთვის გამიზნული და არა - აქიის დაშლისთვის.

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის ეპიზოდზე ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებას.

განაჩენით, რომელსაც პროკურატურის გარდა, ელოდა ასეულობით დაზარალებული საქართველოს მოქალაქე, დადასტურდა, რომ 2011 წლის 26 მაისს ივანე მერაბიშვილის ბრძანებით ჩატარებული ოპერაცია იყო უკანონო და მისი მიზანი იყო არა მიტინგის დაშლა, არამედ იმ მშვიდობიანი მომიტინგეების დასჯა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე განსხვავებული აზრის გამოსახატად შეიკრიბნენ.

სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებმაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურეს ყოფილი შს მინისტრის ბრალეულობა.

ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით. ამნისტიის შესახებ კანონით მას შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად აგრძელებს მუშაობას იმ საქმეებზე, რომელთა მიმართ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის 27 თებერვლის განცხადებაში.

კომენტარები